17 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
რა შეიძლება დაკარგონ პარტიებმა მანდატებზე უარის თქმით - პარტიათა დაფინანსების ცვლილების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში დღეს დაინიცირდა

პარლამენტში უკვე შევიდა პროექტი, რომლის მიხედვითაც პარტია, რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებს.

ბიუჯეტის ფული მხოლოდ ინ პოლიტიკურ სუბიექტს შეხვდება, რომელიც არჩევნებში მიღებული მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. პარტია, რომელიც პარლამენტში მუშაობაზე უარს ამბობს, ფულის გარდა საარჩევნო პერიოდში უფასო საეთერო დროსაც კარგავს. 

ამასთანავე, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან. გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებები იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.

მიზანმიმართული შანტაჟი და დემოკრატიისთვის დამაზიანებელი ნაბიჯი - ასე აფასებენ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს იმ ოპოზიციურ პარტიებში, რომლებმაც საბიუჯეტო დაფინანსებაზე განაცხადი, ბოიკოტის პარალელურად, მაინც შეიტანეს.

კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს დაინიცირდა. ახლა კანონპროექტის განხილვა საკომიტეტო მოსმენების ფორმატში გადაინაცვლებს.

დღის ამბები