ოპოზიცია კვლავ მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინშია და მზადყოფნას გამოთქვამს ჩაერთოს პროცესში იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" პოზიციებს დათმობს.
კონსულტაციები დაპირისპირებულ მხარეებს შორის ელჩების შუამავლობით ამ კვირაში უნდა გაიმართოს. ოპოზიცია კვლავაც აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" განცხადებების და ინიციატივების მიუხედავად, ის მზად არის მოლაპარაკებისთვის.
"ოპოზიცია მე-5 რაუნდის მოლოდინშია და ამ კვირაში "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც ალაპარაკდნენ იმაზე, რომ მორიგი რაუნდი შედგება და გარკვეული შეთავაზებებიც იქნება. ჩვენ მათ შევთავაზეთ ვადამდელი არჩევნები და თუკი ამაზეც ვერ ვთანხმდებით, მაშინ საჭიროა პლებისციტი და ამის გადაწყვეტა უკვე ხალხის მიერ. თუკი ეს რაუნდი შედგება, "ქართულმა ოცნებამ" რაღაც ალტერნატიული წინადადებები უნდა წარმოადგინოს," - აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.
ხელისუფლების ოპონენტები ვითარების განსამუხტავად კონკრეტულ წინადადებას სწორედ მმართველი გუნდისგან ელოდებიან.
"ჩვენი მხრიდან მოთხოვნები იგივეა, რომელსაც ჩვენ არ შევცვლით. ამიტომ, რაც არ უნდა შეეცადოს ბიძინა ივანიშვილი მუქარებით, შანტაჟითა და პარტიების დაფინანსების შეწყვეტით ჩვენზე ზეწოლას, ეს ყველაფერი ფუჭი იქნება. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ ეს კრიზისი განმუხტონ, მაშინ ჩვენ მზად ვიქნებით, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობა მივიღოთ," - აღნიშნავს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგი კაპანაძე.