ოპოზიციაში აცხადებენ, რომ როდესაც მე-5 რაუნდი გაიმართება, ეს არ უნდა იყოს მოლაპარაკება მოლაპარაკებისთვის და შეთანხმება სწორედ ვადამდელ ან ხელახალ არჩევნებს უნდა შეეხოს.
"ეს არ უნდა იყოს მხოლოდ მოლაპარაკება მოლაპარაკებისთვის, აქ ხელისუფლება კონკრეტულად უნდა მოვიდეს კეთილგონივრული წინადადებით, რომელიც იქნება ზუსტად ის იარაღი, რომელიც ვადამდელ ან ახალ არჩევნებამდე მიგვაღწევინებს. ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ წავედით კომპრომისზე, როდესაც დავიწყეთ მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან. ვფიქრობ, ქვეყნის ინტერესშია ის, რომ ხელისუფლებამ ოდნავ მაინც გამოიჩინოს კეთილგონიერება," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.
"ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა კი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისის განმუხტვა ხელისუფლების წინადადებებზეა დამოკიდებული.
"ჯერჯერობით, მე-5 რაუნდი ჩანიშნული არ არის. ეს, პირველ რიგში, დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, რათა კომპრომისული წინადადებით მოვიდეს, რაც დაკავშირებული იქნება ახალ არჩევნებთან. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ახალი არჩევნების ბედი, სხვაგვარად კრიზისი ვერ განიმუხტება,"- აღნიშნავს საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა.