17 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
სწორი გადაწყვეტილებაა რომ გადაიდო, მაგრამ არასწორი გადაწყვეტილებაა, რომ საერთოდ დაინიცირდა ეს კანონპროექტი - სერგო ჩიხლაძე პარტიების დაფინანსების წესზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება სადავო კანონპროექტების დროებით შეჩერების შესახებ, სწორი სვლა იყო. 

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ეს გადაწყვეტილება შიდა და საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მიიღო. 

"ქართულმა ოცნებამ" მიიღო ძალიან მკაფიო გზავნილი საერთაშორისო თანამეგობრობისგან. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩმა გააკეთა განცხადება რამდენიმე დღის წინ, დღეს უკვე აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ვერ მიესალმება ამ კანონს, რადგან ეს არის დემოკრატიისგან დაშორება. ასევე, ევროპარლამენტის წევრებმა გამოაგზავნეს წერილი, სადაც სახალხო პარტიამ ნეგატიურად შეაფასა ეს თემა. შესაბამისად, იმ წნეხმა, რომელიც ქვეყნის შიგნით არის, ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობის აზრმა გავლენა იქონია იმ გადაწყვეტილებაზე, რომ დროებით შეჩერდა ამ კანონის ამოქმედება და გადაიგზავნა ვენეციის კომისიასა და ეუთო-ოდრში.

ეს არის კიდევ ერთთვიანი ვადა. პარალელურად, მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს, უნდა ჩაინიშნოს მორიგი რაუნდი და მსგავსი მუქარა და შანტაჟი ოპოზიციის მიმართ არ გამოიღებს დადებით შედეგს და არ უწყობს ხელს მოლაპარაკების წარმოებას. ეს კარგია, თუ ამას აცნობიერებენ, სწორი გადაწყვეტილებაა,"-განაცხადა მან.

სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ დაფინანსება პარლამენტს გარეთ მყოფ ოპოზიციურ პარტიებსაც სჭირდებათ და გაიხსენა, რომ რამდენიმე წლის წინანდელი განცხადებებით უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძეც ამ აზრს ეთანხმებოდა.

"ბატონი კობახიძე თვითონ იყო იმის აპოლოგეტი, რომ არ უნდა შეუწყდეთ პარტიებს დაფინანსება ბოიკოტის შემთხვევაშიცო, მისი ნაშრომები და სტატიებიც ამოიღეს რამდენიმე წლის წინანდელი, რაც სწორია, რადგან ეს ორი სხვადასხვა დაფინანსებაა - პარლამენტში ყოფნისთვის და, ზოგადად, ოპოზიციური აზრი რომ არსებობდეს თუნდაც პარლამენტს გარეთ. სწორი გადაწყვეტილებაა რომ გადაიდო, მაგრამ არასწორი გადაწყვეტილებაა, რომ საერთოდ დაინიცირდა ეს პროექტი და პირველი მოსმენით მიიღეს,"- განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს უგზავნის იმ კანონპროექტებს, რომლებიც პარტიების დაფინანსების წესს და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ეხება.

დღის ამბები