20 აპრილი 2024,   08:29
ვრცლად
არ იქნება მარტივი მუშაობა დისკუსიის და ოპონირების გარეშე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უახლოეს პერიოდში პარლამენტის ეს ნაწილიც შეივსოს - გიორგი გახარია

არ იქნება მარტივი მუშაობა დისკუსიის და ოპონირების გარეშე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პოლიტიკური კონტექსტური პრობლემა გადაილახოს და უახლოეს პერიოდში პარლამენტის ეს ნაწილიც შეივსოს; ეს არ არის მმართველი გუნდის ამბიცია, ეს არის ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა და დავალება, რომლებმაც განსაზღვრეს, რომ ამ პარლამენტში უნდა ყოფილიყო 9 პარტია და დაახლოებით 60 ოპოზიციური მანდატი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სხდომათა დარბაზში ოპოზიციის გარეშე ყოფნა კომფორტული არ არის, ვინაიდან ნებისმიერი სწორი გადაწყვეტილება პირველ რიგში მიღებული უნდა იყოს ჯანსაღ დავასა და დისკუსიაში.

"დღეს ჩვენ ვხვდებით პლენარული სხდომის ფორმატში და რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა დღეს აქ საუბარი მთავრობის შემდგომი წლების გეგმაზე. სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზის ნაწილი ცარიელია მარტივი მიზეზის გამო - ჩვენი პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს სხდომას არ ესწრებიან.

ჟურნალისტებს ჰქონდათ კითხვა - კომფორტულად გრძნობთ თუ არა თავს როდესაც პარლამენტი არის ერთპარტიული და სხდომათა დარბაზში არ არის ოპოზიცია, ან როდესაც მთავრობას ამტკიცებს ერთპარტიული პარლამენტი. რა თქმა უნდა, ეს კომფორტული არ არის და შემიძლია, ავხსნა რატომ. გარდა იმისა, რომ ეს ჩვენთვის არ არის კომფორტული, გვესმის, რომ ნებისმიერი სწორი გადაწყვეტილება პირველ რიგში მიღებული უნდა იყოს ჯანსაღ დავასა და დისკუსიაში და ჩვენ ამის ძალიან კარგი გამოცდილება გვქონდა გასული წლების განმავლობაში.

არასოდეს შეგვშინებია შინაარსობრივი დისკუსიის და საუბრის, მაგრამ ჩვენს კომფორტს რომ თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, ეს კომფორტული არ არის ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც არჩევნებში ხმა მისცეს 9 პარტიას და განსაზღვრეს, რომ ამ პარლამენტში უნდა ყოფილიყო 60 ოპოზიციური მანდატი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აქ მნიშვნელოვანი არ არის ჩვენი ან მთავრობის წევრების კომფორტულობაზე საუბარი.

სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს. ვიღაცას შეეშინდა პასუხისმგებლობის აღების, ვიღაცა ვერ გაერკვა, ვიღაცამ ალბათ საკუთარი ეგო ვერ დაძლია, მაგრამ გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს აორმაგებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მიდგომა - ან ყველაფერი, ან არაფერი, დემოკრატიული მიდგომა არ არის და არაფერი საერთო ამას ევროპულობასთან არ აქვს, მაგრამ მიუხედავად იმისა, მარტო ვიქნებით ამ დარბაზში თუ არა, უნდა გავაგრძელოთ სხვლა ჩვენი ევროპული მომავლისკენ," -  განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები