"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე აშშ-ს ელჩის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ კელი დეგნანს ეთანხმება, თუმცა, ოპოზიციის პარლამენტში შესასვლელად ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.
სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ როდესაც ელჩმა პოლიტიკურ გამბედაობაზე ისაუბრა, გულისხმობდა "ქართულ ოცნებას", რომ გადადგას ეს ნაბიჯი და მიიღოს გადაწყვეტილება ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ.
"პარლამენტში რაც უფრო მეტი პოლიტიკური ძალა იქნება, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკური ძალები, ეს რომ სწორია, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ, იქვე, ქალბატონი ელჩი საუბრობს იმაზე, როგორი ტიპის დარღვევები იყო. ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, რომ შევიდეთ პარლამენტში, უბრალოდ, ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს და ეს კრიზისი უნდა განიმუხტოს მოლაპარაკების გზით. სწორედ ამიტომ ველოდებით მეხუთე რაუნდს.
ახალი არჩევნები, საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმება და პოლიტიკური პატიმრების გაშვება განმუხტავს ამ კრიზისს და გამოიწვევს ყველა პოლიტიკური ძალის პარლამენტში შესვლას, უბრალოდ, ამაზე, ჯერჯერობით, არ არის თანხმობა "ქართული ოცნების" მხრიდან. როდესაც ქალბატონი ელჩი საუბრობს პოლიტიკურ გამბედაობაზე, სწორედ ეს სჭირდება "ქართულ ოცნებას", რომ გადაწყვეტილება მიიღოს,"-განაცხადა სერგი კაპანაძემ.