"ქართული ოცნების" წევრმა გიორგი ხელაშვილი მიიჩნევს, რომ კანონპროექტები, რომელიც პარტიების დაფინანსების საკითხს და რეგისტრაციიდან მოხსნას ეხება ზღუდავს არა ოპოზიციის უფლებებს, არამედ მის არაადეკვატურ ინტერესებს.
ამით ის აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.
"ოპოზიციის უფლებების არა, შეიძლება, ინტერესების შემზღუდავი იყოს. მოდი, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ორი რამ - არის ოპოზიციის უფლებები და არის ოპოზიციის ინტერესები. მე არ მიმაჩნია, ვინაიდან ხმა მივეცი ამ ინიციატივას და მომხრე ვარ საქართველოს დემოკრატიული განვითარების, რომ ეს ინიციატივა ზღუდავს ოპოზიციის უფლებებს, ის ზღუდავს ოპოზიციის ინტერესებს, რადგან ეს ინტერესები ძალიან ხშირად არაადეკვატურია.
რაც შეეხება აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს, - ამაზე შეგვიძლია ვიკამათოთ და დისკუსიაც გავმართოთ. განვითარების შეზღუდვაზე არ არის საუბარი, ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც არ არის დაკავშირებული ვინმეს განვითარებასთან ან მის შეზღუდვასთან, ეს არის ქვეყნისთვის კრიზისის არიდების ერთ-ერთი საშუალება,"-განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
გიორგი ხელაშვილმა აღნიშნა, რომ ელჩმა არჩევნების ხარვეზებთან დაკავშირებით ისაუბრა 30 წლიანი ისტორიული მემკვიდრეობის კონტექსტში და არ უხსენებია, რომ არჩევნები გაყალბდა.
"ელჩს არ უხსენებია, რომ ეს არჩევნები გაყალბდა და, მით უმეტეს, არ დათანხმებია ოპოზიციის ბრალდებას, რომ ეს არჩევნები სისტემურად და ტოტალურად გაყალბდა. მან ისაუბრა სწორედ ხარვეზებზე და 30 წლიანი ისტორიული მემკვიდრეობის კონტექსტში. რაც შეეხება იმ 4 ბრალდებას, ასე ვთქვათ, შენიშვნას, რომელიც გაჟღერდა ელჩის ინტერვიუში, ესენი გასათვალისწინებელია და მანვე მოაყოლა წამალი ამ ხარვეზების გამოსწორების, რომელიც, შესაძლოა, არსებობდა, შესაძლოა, არ იყო. ამაზე კამათი შეგვიძლია, მაგრამ მათი გამოსწორება შეიძლება მხოლოდ საპარლამენტო დისკუსიების ფარგლებში. არასაპარლამენტო, ექსტრაკონსტიტუციური საშუალებები ამ ხარვეზებს ვერ გამოასწორებს,"-განაცხადა მან.