17 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ პარტიებს შორის დიალოგი წარმატებით დასრულდება - მაია ცქიტიშვილი

მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, ოპონენტებთან დიალოგი წარმატებით დასრულდება. 

"მცდელობა ოპოზიციური პარტიების მხრიდან შექმნან იმის აღქმა, რომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური - არასწორია. რეალობა არის ის, რომ პარლამენტი არის ხალხის მერ არჩეული ორგანო და ჩვენ გვაქვს ჯერ კიდევ იმის იმედი, რომ პარტიებს შორის დიალოგი წარმატებით დასრულდება," - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი მაია ცქიტიშვილი.

ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ის, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ არის, მათთვის დისკომფორტს წარმოადგენს. 

"ოპოზიციამ სიხარბე ვერ დაძლია და უნდათ, რომ ქვეყანა რევოლუციურ რეჟიმში გადაიყვანონ. ის, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ ზის, მართლაც ცუდია და ეს ჩვენ არანაირ კომფორტს არ გვანიჭებს. ყველაფერი გააკეთა ხელისუფლებამ იმისათვის, რომ ისინი პარლამენტში შემოსულიყვნენ," - აღნიშნავს საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ივანე მაჭავარიანი. 

გოჩა ლორთქიფანიძე კი იმედს იტოვებს, რომ საპარლამენტო განხილვის საშუალება იმ პარტიებთან მოხდება, რომლებიც ახლა ბოიკოტს აცხადებენ.

"ეს არ არის ერთპარტიული პარლამენტი, რადგანაც ქართველმა ხალხმა 9 პარტია აირჩია და იმედი მაქვს, რომ მომავალში ჩვენ გვექნება საპარლამენტო განხილვის საშუალება იმ პარტიებთან ერთად, რომლებიც ჯერ უარს ამბობენ პარლამენტში შემოსვლაზე,"- აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე.

6 საათია პარლამენტში პლენარული სხდომაზე მთავრობას უსმენენ. მმართველი გუდის დეპუტატებმა მინისტრთა კაბინეტს ნდობა დღესვე უნდა გამოუცხადონ.

 

 

 

 



 

დღის ამბები