17 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
ხელისუფლებასთან შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, სანამ ეს არ მოხდება რაიმე ტიპის ცვლილებებზე საუბარი სრულიად ზედმეტია - ლევან იოსელიანი

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის ნაწილი საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთვება და სტატუს კვო მალე შეიცვლება, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები ეხმაურებიან.

"გირჩის" წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ორივე მხარე კომპრომისზე წავიდეს და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მოხდეს.

"თუ ვთანხმდებით, ეს ნიშნავს, რომ ყველა შედის პარლამენტში, იმიტომ, რომ დაშვება იმის, რომ ჩვენ შევთანხმდით პირობითად, "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი შეასრულა და ჩვენ პარლამენტში არ შევედით, ცოტა გაურკვეველია, მაშინ რაზე ვთანხმდებით?! შეთანხმების შინაარსი არის ის, რომ ჩვენ კომპრომისი ვიპოვოთ. შეთანხმება თუ შედგება, ამ შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იქნება, რომ ოპოზიცია გააგრძელებს მუშაობას პარლამენტში," - განაცხადა "გირჩის" წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

რაც შეეხება პარტია "მოქალაქეებს", ისინი აქცენტს საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე აკეთებენ. 

"მიმდინარეობს მოლაპარაკებები, წინ გვაქვს მეხუთე რაუნდი, რაც გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ. სანამ ეს არ მოხდება, რაიმე ტიპის ცვლილებებზე საუბარი სრულიად ზედმეტია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირება და საარჩევნო სისტემის ფორმირების საკითხი. სხვებისთვის სხვა საკითხები არის პრიორიტეტული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვითვალისწინებთ სხვა პოლიტიკური პარტიების პრიორიტეტებს," - აღნიშნა "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები