"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას ვადამდელი არჩევნების 2022 წელს დანიშვნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს ბევრად ადეკვატური წინადადებაა, ვიდრე რევოლუციურ სცენარზე ფიქრი.
"კარგია, რომ "ლელომ" და მისმა ლიდერებმა რევოლუციურ სცენარებზე ფიქრს თავი დაანებეს და სხვა, უფრო ადეკვატურ წინადადებებზე ფიქრობენ. არც ჩვენ ვართ წინააღმდეგნი რიგგარეშე არჩევნების, მათ შორის, 2022 წელს, მით უფრო, სრულად პროპორციულის.
ვნახეთ, რომ ამ წინადადების მერე დაიწყო აგრესია "ლელოს" წინააღმდეგ, ეს ჩვენ არ გვიკვირს, გამოვიარეთ და ჩვენთვის ნაცნობი ვითარებაა. ეს არის ამ ქვეყნის პრობლემა, რომ შენ თუ ჩემსავით არ ფიქრობ, შენ ხარ გაყიდული, მოსყიდული და ყველანაირი უბედურება შეიძლება დაგაბრალო. არადა, თითქოს, ამ ქვეყანას უნდოდა მრავალპარტიულობა, რომელიც განსხვავებულ აზრებს და პოზიციებს ნიშნავს,"-განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციაში დაპირისპირებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გაკეთებული განცხადების გამო ღიად გააკრიტიკა.