ამნისტიის გაფართოებას ითხოვს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი, ისინი თვლიან, რომ იმ პროექტში არსებულ მუხლებს, რომელიც ადამიანის უფლებების კომიტეტმა მოამზადა, სხვებიც უნდა დაემატოს.
რამდენიმე დღის წინ ამავე თემაზე გააკეთა განცხადება იუსტიციის ყოფილმა მინისტრმაც, რომელმაც თქვა, რომ უნდა დაისვას კითხვა, ხომ არ უნდა ჰქონდეთ ასევე შეღავათი იმ პირებს, ვისაც გრძელვადიანი სასჯელი აქვს. პარლამენტმა პროექტის განხილვა დაიწყო.
ამნისტია შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 44-ზე მეტ მუხლს, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულების კატეგორიაში გადის. მაგალითად ქურდობა, ფალსიფიკაცია, ქონების დაზიანება, სხეულის დაზიანების ზოგიერთი კატეგორია და ა.შ. კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული ისეთი დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობა ან ოჯახური ძალადობა.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" უაღრესად არაეფექტურია კრიმინალთან ბრძოლის პროცესში, მისი თქმით ამის ფონზე მასშტაბური ამნისტიის განხორციელება გარკვეული რისკების შემცველია.
"სახელმწიფოს აქვს ისეთი ბერკეტები, როგორიცაა შეწყალება, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება. ამ პროცესებში ინდივიდუალური საქმეების შესწავლა შეიძლება მოხდეს და განისაზღვროს რისკები რამდენად გათავისუფლებული ადამიანი მომავალში ჩაიდენს თუ არა დანაშაულს,"-აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მუხლებთან მიმართებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი აქვს.
"ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, როგორ შეირჩა ეს მუხლები. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებამ სპეციალურად გამოტოვა ის მუხლები, რომელიც შეეხება ზოგიერთ პოლიტპატიმარს. მაგალითად გიორგი რურუა დაკავებულია სწორედ იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით და მაინცდამაინც ეს პუნქტია გამოტოვებული,"- აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.