ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა "ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს უარყოფს. მათ შორის არის პატრიოტთა ალიანსიც. გოჩა თევდორაძის თქმით, მათი შეხვედრები მხოლოდ ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით ხდება:
"პატრიოტთა ალიანსთან" ასეთი ინდივიდუალური კონსულტაციები "ქართულ ოცნებას", კობახიძეს ან მის მესვეურებს არ ჰქონიათ. ჩვენ შეხვედრა გვქონდა მხოლოდ ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით იმ მოლაპარაკების მაგიდასთან და ვიცით მათი პოზიციები რაც გაჟღერებულია მოლაპარაკების მაგიდასთან, სხვა შეხვედრებზე ყოველ შემთხვევაში "პატრიოტთა ალიანსთან" საუბარი არ არის," - განაცხადა გოჩა თევდორაძემ.
აშშ-ის და ევროკაშირის ელჩების თანამონაწილეობის გარდა სხვა ფორმატში შეხვედრას არ აპირებენ არც "ნაციონალური მოძრაობაში":
""ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" და ჩვენ ბლოკთან "ქართულ ოცნებას" რა თქმა უნდა არავითარი კონსულტაციები არ ჰქონია და ჩვენ ცალკე არც დაველაპარაკებით "ქართულ ოცნებას" იმ ფორმატის გარდა რომელიც დღეს არსებობს, ეს არის საერთაშორისო ფორმატი," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
"ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალურ შეხვედრას კატეგორიულად უარყოფენ "ლელოშიც" და ირაკლი კობახიძეს ამ განცხადებით ოპოზიციაში დისონანსის შეტანაში ადანაშაულებენ:
"ჩვენ "ქართულ ოცნებასთან" არანაირი პირდაპირი კომუნიკაცია არ გვქონია და ამ პროცესში კომუნიკაცია ხორციელდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და ეს ხდება ზუსტად იმის გამო, რომ ყველამ კარგად იცის როგორი ფასი აქვს "ქართულ ოცნების" სიტყვას. ირაკლი კობახიძე აქაც ტყუის ცდილობს რომ შემოიტანოს დისონანსი პოლიტიკურ პროცესში. ეს არის მათი მიზანმიმართული, მავნებლური სტრატეგია. ახალი არჩევნების საკითხზე შეთანხმების გარეშე ლელო ამ ცრუ პროცესში მონაწილეობას არ აპირებს," - აღნიშნა საბა ბუაძემ.
უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის წევრებს, ოპოზიციის უმრავლესობასთან, ანუ 8-იდან 5 პარტიასთან, კონსულტაციები ელჩების გარეშეც ჰქონდათ. ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა, რომ პროცესში "ოცნების" რამდენიმე წევრთან ერთად, პირდაპირ თუ ირიბად თავადაც მონაწილეობდა. უმრავლესობის ლიდერი ვარაუდობს, რომ 2021 წლის პირველ თვეებში 3-ზე მეტი ოპოზიციური პარტია შევა.