17 ნოემბერი 2024,   14:56
ვრცლად
თქვენ რომ ეჭვები გიჩნდებათ ხოლმე, არ არის იმ პოლიტიკურ სუბიექტებზე საუბარი - მამუკა მდინარაძე მოლაპარაკებებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს არ აკონკრეტებს

"ქართული ოცნების" წევრების განცხადებით ოპოზიციასთან მოლაპარაკების ძირითადი საკითხი საარჩევნო სისტემის სრულად რეფორმირებაა. როგორც მამუკა მდინარაძემ დღეს მედიასთან საუბრისას მინიშნების სახით განაცხადა, ინდივიდუალური მოლაპარაკებები მაინც და მაინც იმ პოლიტიკურ სუბიექტებთან არ მიმდინარეობს, რომელთა შესახებაც ყველაზე მეტი ეჭვი არსებობს.

"არის რაღაც საკითხები, რაც წამოიჭრა, დაანონსდა ასევე ელჩების თანდასწრებით, რომ იქნებოდა გარკვეული კომუნიკაციები, მაგრამ არა ფარული, არამედ ისეთი, რომელზეც საჯაროდ არ ვისაუბრებდით, ამიტომ უკაცრავად საზოგადოებასთან, გვიჭირს ჩვენ საუბარი. თქვენ რომ ეჭვები გიჩნდებათ ხოლმე, არ არის მაინც და მაინც იმ პოლიტიკურ სუბიექტებზე საუბარი, შემიძლია ეს მინიშნება გავაკეთო. არის გარკვეული საუბრები, ეს არ არის ფარული, ეს არის საუბრები, რომელიც შეიძლება ხვალ და ზეგ საჯაროც გახდეს, იქიდან გამომდინარე რომ საჯარო გახდება ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების დეტალები," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის წევრებს, ოპოზიციის უმრავლესობასთან, ანუ 8-იდან 5 პარტიასთან, კონსულტაციები ელჩების გარეშეც ჰქონდათ. ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა, რომ პროცესში "ოცნების" რამდენიმე წევრთან ერთად, პირდაპირ თუ ირიბად თავადაც მონაწილეობდა. უმრავლესობის ლიდერი ვარაუდობს, რომ 2021 წლის პირველ თვეებში 3-ზე მეტი ოპოზიციური პარტია შევა.

დღის ამბები