პარლამენტმა დღეს ირმა ინაშვილის, გოჩა თევდორაძისა და გიორგი ლომიას უფლებამოსილების შეწყვეტაზე უნდა იმსჯელოს, თუმცა "პატრიოტთა ალიანსის" სიის პირველ სამეულს, ჯერჯერობით, განმარტებები არ გაუკეთებია.
რაც შეეხება ავთანდილ ენუქიძეს, რომელიც "პატრიოტთა ალიანსის" სიაში მე-4 პოზიციას იკავებდა, ამბობს, რომ სადეპუტატო მანდატის გაუქმებასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ დაუწერია. შესაბამისად, ის გეგმავს სადეპუტატო საქმიანობის დაწყებას.
იმ შემთხვევაში, თუკი "პატრიოტთა ალიანსის" წევრებს მანდატები შეუჩერდებათ, მათი ადგილმონაცვლეები იქნებიან ფრიდონ ინჯია, გელა მიქაძე და ნანა დევდარიანი.
"მე ვთქვი, რომ პარლამენტში შევალ-მეთქი და ამიტომ, დღევანდელ პროცედურას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მე ისედაც შესული ვიყავი. მე არ ვიცი ვინ რას გეგმავს, ეს პროცესი უნდა დამთავრდეს და შემდეგ არის იმაზე საუბარი, ვინ არ შემოვა პარლამენტში. ეს პროცესი კი ჯერ არ დამთავრებულა და წინასწარ ხომ არ ვკითხავდი ვინმეს, რას გეგმავენ?! მე არავითარი კონტაქტები არ მაქვს," - აცხადებს საქართველოს "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ავთო ენუქიძე.
პარლამენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობს. საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უკვე იმსჯელეს. შესაბამისი მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს მიმართეს ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ.