დღეს რიგგარეშე სესიაზე, კენჭი "პატრიოტთა ალიანსის" სამი წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს უყარეს. პროცედურა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. "პატრიოტთა ალიანსი" არის პირველი პოლიტიკური პარტია, რომლის წევრთა მანდატებზე პარლამენტმა მსჯელობა დაიწყო.
ხელისუფლების ოპონენტებმა ამ საკითხზე პარლამენტის მსჯელობას, ოპოზიციის დასჯის მცდელობა უწოდეს. მმართველ გუნდში კი, ამ ბრალდებას უარყოფენ.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციამ სასჯელი თავის თავს მაშინ გამოუტანა, როდესაც დესტრუქციულ რეჟიმზე გადავიდა.
"საერთოდ არაადეკვატურია დასჯაზე ლაპარაკი ამ სიტუაციაში. არის პროცედურული საკითხები, რომელსაც მივყვებით. სასჯელი მაშინ გამოუტანა ოპოზიციამ თავის თავს, როდესაც დესტრუქციულ რეჟიმში შემოვიდნენ და თვითონაც კარგად იციან ეს დესტრუქცია ვის აწყობს დღეს კავკასიაში," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტმა სრულად რეგლამენტისა და პროცედურების დაცვით იმოქმედა.
"პატრიოტთა ალიანსის" შემთხვევაში, სია, რომელიც მათ წარდგენილი აქვთ ცესკოში და რომელიც ქმნის შესაძლებლობას, რომ თუკი რომელიმე წევრი გამოაკლდება საქართველოს პარლამენტს, შესაძლებელია ის სხვა წევრით ჩანაცვლდეს, ეს იყო "პატრიოტთა ალიანსის" შემთხვევაში, განსხვავებით ყველა იმ სხვა პარტიისგან, რომლებმაც ცესკოში წარდგენილი საარჩევნო სიის რეგისტრაციის გაუქმება განახორციელეს. ჩვენ ვიმოქმედეთ რეგლამენტისა და პროცედურების დაცვით,"- აღნიშნავს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.