საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე "პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიის 4 წევრის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროცესი გაგრძელდება და პარლამენტი იქნება მრავალპარტიული.
ირაკლი კობახიძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ "პატრიოტთა ალიანსის" რუსული შემადგენელი ნაწილი არ შევიდა პარლამენტში.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტია შემოვიდა საქართველოს პარლამენტში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ "პატრიოტთა ალიანსის" რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში და მე-10 მოწვევის პარლამენტი იქნება ისეთი პარლამენტი, სადაც არც ერთი ღიად პრორუსული პარტია არ იქნება წარმოდგენილი. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და საქართველოს პარლამენტში არ უნდა ვიხილოთ ჩვენ არც ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან ღიად ანტიდასავლურები, აქ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, "ნაციონალურ მოძრაობას". გვესმის, რომ ჩვენი ოპონენტები ამასთან დაკავშირებით ნერვიულობენ.
ეს პროცესი გაგრძელდება და პარლამენტი იქნება მრავალპარტიული. მოლაპარაკებები გაიმართება და ამის საფუძველზე გაირკვევა საბოლოოდ, თუ ვინ შემოდის პარლამენტში და ვინ არა," - აცხადებს ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.
"ქართული ოცნების" დეპუტაციას პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსი" უერთდება.
დავით ზილფიმიანი, ავთანდილ ენუქიძე და გელა მიქაძე - ეს ადამიანები უკვე ოპოზიციის სახელით საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში მიიღებენ მონაწილეობას. ფრიდონ ინჯიამ კი "პატრიოტთა ალინსის" დატოვების შესახებ განცხადება სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააკეთა.