17 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
"ძალიან ცუდი მესიჯია პოტენციური ინვესტორებისთვის" - ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის წასვლასა და ქონების გადაცემაზე

ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ საქართველოში არსებული ქონების დიდი ნაწილი საქველმოქმედო ფონდს გადასცა. საუბარია დაახლოებით მილიარდნახევარი დოლარის აქტივებზე, სულ 30-მდე ობიექტზე.

მათ შორის, არის სასტუმრო "პარაგრაფი", შპს "თბილისი სითი", სოლოლაკის ბიზნესცენტრი და "თაბორი რიზორთსი". ასევე, "ბანკი ქართუ", შპს "ელიტა ბურჯი", "ლაგუნა ვერეს" ტერიტორია, მიწის ნაკვეთები და კომპლექსები ბაკურიანსა და აბასთუმანში.

ოპოზიციაში, ბიძინა ივანიშვილის წასვლასა და ქონების გადაფორმებას აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ეს არის ძალიან ცუდი მესიჯი პოტენციური ინვესტორებისათვის.

"ეს არის ძალიან ცუდი მესიჯი პოტენციური ინვესტორებისთვის და საქართველოთი დაინტერესებული ადამიანებისთვის, როდესაც ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ბიძინა ივანიშვილი იცილებს თავის ქონებას, ბიზნესს და მას სხვა, თუნდაც, თავისივე კომპანიებზე აფორმებს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება არ არის მომგებიანი. ჩვენ ნანახი გვაქვს მისი ქველმოქმედება, როდესაც ფული სადღაც იკარგება ხოლმე და დღემდე ვერ მივიღეთ პასუხი, სად გაქრა ის თანხები, რომელიც თითქოს კოვიდის წინააღმდეგ საბრძოლველად გადაირიცხა," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი ივანიშვილის წასვლას პოლიტიკიდან "გაქცევას" უწოდებს. 

"გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს აირიდოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ასევე, ცდილობს თავისი ფინანსური რესურსები ერთ წერტილში მოაქციოს, რათა თუ დაჭირდება ეს ყველაფერი როგორმე შეინარჩუნოს. ერთი განაცხადა, რომ მიდის პოლიტიკიდან და მეორე, თავისი ფინანსური რესურსის მობილიზება დაიწყო. დიახ, ეს არის გაქცევა და არა წასვლა," - აღნიშნავს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.

"სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე კი აღნიშნავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მისი ქონების მარჯვენა ჯიბიდან მარცხენაში გადატანას ჰგავს. 

"ეს არის ბიძინა ივანიშვილის ქონების ნაწილი, ჩვენ არ ვიცით რა ხდება მის ოფშორებში, მაგრამ ამის გადაფორმება საქველმოქმედო ფონდზე, ბევრი არაფრის მაჩვენებელია. აქ სხვადასხვა ინტერპრეტაცია შეიძლება - ერთი, ის ცდილობს მესამეულ კომპანიაზე გადააფორმოს თავისი ქონება, მას, შესაძლოა, ეშინოდეს სანქციების და შესაძლოა, არ უნდოდეს გაიგივებული იყოს ამ ქონებასთან. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მისი ქონების მარჯვენა ჯიბიდან მარცხენაში გადატანას ჰგავს," - ამბობს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.

დღის ამბები