17 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
ეს არის რეგლამენტის მორგება ვაჭრობაზე - ოპოზიცია პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებას ნეგატიურად აფასებს

პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიციაში განსხვავებული შეფასებები კეთდება, თუმცა ყველა მათგანი ნეგატიურია. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ გია ბარამიძისთვის განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, რომ მმართველი გუნდი კანონის საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს. 

"ქართველი ხალხის მხრიდან ექნება საკადრისი რეაქცია ამ თავხედობას. ამ ქვეყანაში ყველაფერი და ახლა უკვე კანონებიც, პირადად ხელისუფლების შეკვეთით, მათი მიზნებიდან გამომდინარე, ისე იჭრება და იკერება, როგორც მათ სჭირდებათ ხელისუფლების უზურპაციისათვის,"- განაცხადა გია ბარამიძემ.

"ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი დარწმუნებულია, რომ რეგლამენტის ცვლილება მმართველ გუნდს თანამდებობებით ვაჭრობისთვის დასჭირდა. 

"ეს არის პირდაპირ რეგლამენტის მორგება ვაჭრობაზე - სხვა სახელი ამას არ აქვს. სრული სირცხვილი ამ ოდიოზური, კორუმპირებული, შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკის პარლამენტში მოხვედრაც და შემდეგ უკვე ასეთი ვაჭრობის ფონზე ვიცე-სპიკერის თანამდებობის შეთავაზება. ეს ნიშნავს, რომ არც "ქართული ოცნების" ლიდერებს აქვთ თავმოყვარეობა და არც ბატონ ინჯიას,"- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 

"ლელოს" წევრ ანა ნაცვლიშვილისთვის რეგლამენტის ცვლილება იმის დასტურია, რომ პარლამენტს ფუნქციონირება უჭირს და მას არ აქვს ლეგიტიმაცია. 

"ეს ცვლილებები "ქართული ოცნების" მხრიდან არის კიდევ ერთი მძიმე თვითაღიარება, რომ იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც გვაქვს დღეს - ფაქტობრივად ერთპარტიული და ერთფრაქციული პარლამენტი, არ აქვს ლეგიტიმაცია. ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს მუშაობაც კი არ შეუძლია დადგენილი წესის თანახმად, ფიზიკურად ვერ შეასრულებს ის ძალიან ბევრ ფუნქციას და ახლა ცდილობენ, რეგლამენტი მოარგონ ამ სიტუაციას, არამარტო იმ 4 ადამიანისთვის, არამედ საკუთარი თავი რომ დაფარონ," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები