პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, მარტვილში 1992 წელს დაბადებული ო.ბ.დააკავა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა საკუთარ დედას - 1970 წელს დაბადებულ რ.თ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. ო.ბ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იმ უბნის მაცხოვრებლები სადაც დანაშაული მოხდა აცხადებენ, რომ დაჭრილი ქალი ადგილობრივი არაა და ის თავის დასთან სტუმრად იყო მისული. მათ არც კონფლიქტის დეტალებზე აქვთ ინფორმაცია.