პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაზე ისაუბრა. კონკრეტულად, გიორგი გახარიას თქმით, დეკემბრის თვეში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო სარესტორნო ბიზნესის შემთხვევაში, სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას 80%-ის ფარგლებში ახდენდა.
გიორგი გახარიას თქმით, ბიზნესის მხრიდან დაინტერესება საკმაოდ დიდი იყო, თუმცა კრიტერიუმები, რომელიც ამ პროგრამაში ჩართვისთვის იყო აუცილებელი, მხოლოდ 420-მა დააკმაყოფილა. ამის გათვალისწინებით, პრემიერის თქმით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროგრამაში ჩასართავად ტექნიკური მოთხოვნები შემსუბუქდება.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სესხის საპროცენტო განაკვეთის 80%-ის სუბსიდირება რესტორნების გარდა, შეეხება სპორტის ინდუსტრიის, სპორტის ობიექტებს და ასევე კერძო საბავშვო ბაღებს, რადგან მათი მხრიდანაც იყო საკმაოდ სერიოზული მოთხოვნა.
"რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ ორგანიზაციებისთვის და ბიზნესისთვის დაწესებულ მხარდაჭერას, დეკემბერში დამატებით ღონისძიებად მივიღეთ რესტორნებისთვის საბანკო სესხის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც დაიწყო დეკემბრიდან. ამ პროგრამამ აჩვენა საკმაოდ დიდი მოთხოვნა ასეთ შეღავათზე.
მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ექვსი თვის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირება. დაახლოებით 2000 მომართვა იყო, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 2000-მა რესტორანმა მოგვმართა ასეთი შეღავათის გამოყენების თხოვნით, თუმცა გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო, მოთხოვნები მხოლოდ 420-მა დააკმაყოფილა.
დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ ტექნიკური მოთხოვნების შესამსუბუქებლად, იმისთვის, რომ ამ 2 000-მა რესტორანმა, რომელმაც მოგვმართა სესხის სუბსიდირების ღონისძიების გამოყენებაზე, შეძლოს და ისარგებლოს სახელმწიფოს მხარდაჭერის ამ ღონისძიებით.
გარდა ამისა, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს ღონისძიება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ სესხის საპროცენტო განაკვეთის 80%-ის სუბსიდირება, არ შეეხება მხოლოდ რესტორნებს, გარდა რესტორნებისა ის შეეხება სპორტის ინდუსტრიის, სპორტის ობიექტებს და ასევე კერძო საბავშვო ბაღებს, რამეთუ მათი მხრიდანაც იყო საკმაოდ სერიოზული მოთხოვნა. ეს ის ორგანიზაციებია და ეს ის ბიზნესებია, რომლებიც ასევე პანდემიის შედეგად დაზარალდნენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.