ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა დღეს მხარდამჭერებთან ერთად საპატრიარქოში მივიდა და პატრიარქთან შეხვედრა მოითხოვა. ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მმართველმა პატრიარქის მიმართ მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ ქართველი ერი არ დაუშვებს, რომ პატრიარქმა და მღვდელმთავრებმა საქართველოს ეკლესიას სუდარა გადააფარონ:
"თქვენ თითქოს სუდარაგადაფარებული ჩაიბარეთ ეკლესია და მოახდინეთ სასწაული, რომ ააღორძინეთ... აი, დღევანდელი მოვლენები ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე, ასევე ის, რომ უდანაშაულო მღვდელი გიზით საპყრობილეში და თქვენი პირადი პატიმარია, თქვენ ვერ დაიცავით 1983 წელს უდანაშაულო მღვდელი დახვრეტისგან. თქვენ, რა თქმა უნდა, 9 აპრილის ღამეს ვერ დაიცავით ქართველი ერი განსაცდელისგან.
გუშინ იყო რეფერენდუმის დღე ერთიანი საქართველოსი, რომლისთვის თქვენ ხმა არ მიგიციათ და წინააღმდეგი იყავით ეროვნული მოძრაობისა... თქვენ დაუშვით, რომ წმინდა სამების ტაძრიდან გაგესვენებინათ უმძიმეს ცოდვაში ოფიციალური ბრალდებით მხილებული ადამიანი, ეს იყო დიდი დანაშაული, და თუ ეს ასე არ იყო, მაშინ თქვენ უნდა გემხილებინათ მკვლელი ხელისუფლება. თქვენ სამების კურთხევა გადაწყვიტეთ 2004 წლის გიორგობის დღესასწაულზე, ვარდების რევოლუციის 1 წლის თავზე, რითაც თქვენ ბოლომდე მხარდაჭერა გამოხატეთ, ქედი მოიხადეთ, თქვენი შეპყრობილობა და შიში აჩვენეთ და ამით ეკლესიის მამხილებელი სიტყვა დაასამარეთ.
დღეს, როდესაც პირადი პატიმარია დეკანოზი მამალაძე და მას არ ათავისუფლებთ, დღეს, როდესაც თქვენი მონა-მორჩილი უსამართლოდ განმაყენეთ და გამომაძევეთ ეპარქიიდან, ქართველმა ერმა უნდა გაიგოს და განსაკუთრებით პოლიტიკურმა სპექტრმა, რომ არ იქნება თავისუფალი ერი, სადაც უზნეო ეკლესია წინამძღოლობს, უზნეო საპატრიარქო და ეკლესიის წარმომადგენლები. მძიმე ცოდვის მიმდევარი სასულიერო პირები და არანაირი წინააღმდეგობა არაა, პირიქით წახალისებაა და ლამის იქამდე მიდის, რომ ამ ცოდვის ქვეშ თუ არაა ადამიანი, შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მისი კურთხევა.
ქართველი ერი არ დაუშვებს, რომ თქვენ საქართველოს ეკლესიას სუდარა გადააფაროთ,რომ ეკლესიაში თქვენი მსგავსი,მიტროპოლიტ სტეფანეს მსგავსი, მთავარეპისკოპოს იაკობის მსგავსი მართავდნენ და წარმოადგენდნენ ეკლესიის სახეს," - განაცხადა პეტრე ცაავამ.
ავტორი: თამარ თათარაშვილი