დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა მაჭავარიანის ქუჩის მეწყერის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა - ანგარიშში აღწერილია სავარაუდო სცენარი, იმ შემთხვევაში, თუკი მეწყერი დაიძვრება. დასახელებულია ქუჩებიც, რომელიც სტიქიის რისკის ქვეშაა.
"ხილული ფართობი : 50 000 კვ.მ
სავარაუდო სიღრმე : 9-18 მ
დაძრული მეწყერული სხეულის ხილული სავარაუდო მოცულობა : 800 000 კვ.მ]
მეწყერული პროცესის სავარაუდო განვითარება - ნეგატიური (ექსტრემალური) სცენარი:
იქიდან გამომდინარე, რომ მეწყერის უბანში ფართობის და ამგები ქანების დახრილობა არ არის დიდი, სავარაუდოა, რომ მეწყერი შეინარჩუნებს გადაადგილების (ფერდობზე დაცურების) შედარებით მცირე სიჩქარეს. ვინაიდან მასა დიდია, მიუხედავად მცირე დახრილობისა, მეწყერი შეიძენს საკმარის აჩქარებას, რათა გადავიდეს გზის მეორე მხარეს და გავრცელდეს უფრო მეტი აჩქარებით მტკვრის მიმართულებით.
ამჟამინდელი მონაცემებით, ფერდობიდან ნაპრალით გამოყოფილი ბლოკის სხვადასხვა უბანი ფერდობიდან სხვადასხვა სიჩქარით და მიმართულებით გადაადგილდება. კერძოდ, გეოდეზიური და აეროფოტოგრამმეტრიული მონაცემებით, გადაადგილების სიჩქარე მერყეობს 2.6-დან 5.5 სმ-მდე. მიმდინარეობს ინტენსიური მონიტორინგი მიღებული შედეგების დასაზუსტებლად.
მეწყერის უცაბედი დაძვრის ძირითად მაპროვოცირებელ აგენტებად განიხილება ჭარბი ნალექი და მიწისძვრა, ასეთ შემთხვევაში, მეწყერი აზიანებს მაგისტრალური წყალსადენის სამ 900 მმ-იან და უფრო მეტი დიამეტრის მილსადენებს. რის გამოც მაღალი წნევით მომდინარე წყალი მილებიდან დაიღვრება დამეწყრილ უბანზე და მეწყერის ამგებ ლოდნარ მასას შეერევა, რაც მეწყერის დენას ფერდობის ქვედა მიმართულებით (გელოვანის ქუჩისკენ) გაამარტივებს და სავარაუდოდ, ჩამოყალიბდება ღვარცოფული ნაკადი.
მეწყერულ-ღვარცოფული აქტივობა სავარაუდოდ, მოიცავს: მაჭავარიანის ქუჩას, გელოვანის და მაჭავარიანის დამაკავშირებელ მშენებარე გზატკეცილს, ბროწეულის ქუჩას, გელოვანის ქუჩას. ასევე, ზედა მეწყერის დაცურება გამოიწვევს ქვედა მეწყერის შერევას და გაზრდის დაცურებული მასის მოცულობას, რომელიც გელოვანის ქუჩაზე მიღწევის შემთხვევაში, სავარაუდოდ, უფრო მძიმე შედეგებს გამოიწვევს.
დასათვლელია სცენარები, თუ რა მიმართულებებითაა შესაძლებელი მეწყერის გავრცელება და რა დასახლებულ პუნქტებს შეეხება ის. მეწყერის მოცულობიდან გამომდინარე (მოწყვეტილი მასა), რომელიც თავისი მასშტაბით ვერეს 2015 წლის მოვლენების დროს დაძრული მასის ტოლფასია, აუცილებელია, შევაფასოთ სრული სცენარი, რომელიც ყველა შესაძლო გართულებას მოიცავს, რათა მოვახდინოთ პროცესის მართვა ისე, რომ არ დაზარალდეს მოსახლეობა," - ნათქვამია დოკუმენტში.