ევროპარლამენტის დეპუტატი ესტონეთიდან მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ ვერც ოპოზიციამ და ვერც მმართველმა გუნდმა ვერ შეძლო პარტიული ინტერესების უკან დახევა და ქვეყნის ინტერესების წინა პლანზე წამოწევა.
"რასაც ვგრძნობ, ეს არის იმედგაცრუება. ვერც მმართველმა პარტიამ და ვერც ოპოზიციამ შეძლო, რომ გაცდენილიყვნენ საკუთარ პარტიულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ვერ შეძლეს, პრიორიტეტად ექციათ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესი და ვერ შეთანხმდნენ კომპრომისზე, რომელიც ბატონმა დანიელსონმა შესთავაზა. ასე რომ, იმედგაცრუება დიდია, იმიტომ რომ ევროკავშირმა ძალიან ბევრი რამის ინვესტირება განახორციელა ამ პოლიტიკურ პროცესში და ინვესტირება მოხდა უმაღლეს დონეზე. რა მოხდება ახლა? სავარაუდოდ, საჭირო იქნება დრო მოფიქრებისა და გააზრებისთვის, იმიტომ რომ, როგორც ჩანს, ამ დროისთვის არ არის მზაობა პოლიტიკური შეთანხმებისთვის და მგონი, არც თუ ისე ცუდია, რომ სააღდგომო არდადეგებია. მგონი, ეს კარგია იმისთვის, რომ დავმშვიდდეთ, დავფიქრდეთ და მე მოვუწოდებ ყველა ქართველ პოლიტიკოსს, ძალიან ფრთხილად გაიაზრონ, რას შეიძლება ეს ნიშნავდეს საქართველოს მომავლისთვის და საქართველოს ინტეგრაციისთვის ევროკავშირთან.
იქნება თუ არა, გაგრძელდება თუ არა მედიაცია, ჩვენ ვნახავთ. თუმცა ეს ყველაფერი აისახება საქართველო-ევროკავშირის მომავალ ურთიერთობებზე. ჩვენ არ შეგვიძლია თავი მოვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია ისე გაგრძელება, თითქოს არაფერი მოხდა. არ შეგვიძლია. ევროკავშირი მკაფიოდ ამბობს, რომ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიაა მეტი მეტისთვის და ნაკლები ნაკლებისთვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, იქნება განხილვები ფინანსური პროგრამების, საბიუჯეტო მხარდაჭერის. არ ვამბობ, რომ ევროკავშირი ზურგს შეაქცევს საქართველოს, არა. სანამ საქართველოს სურს ევროკავშირთან ახლო ინტეგრაცია, ევროკავშირი განაგრძობს ქვეყნის მხარდაჭერას, მაგრამ ეს ვერ იქნება იმ დონეზე, როგორც იყო. სამწუხაროდ, ამ უკან დახევას, თუ მარცხს, ექნება გავლენა ჩვენს ურთიერთობაზე.
ბატონმა დანიელსონმა შესთავაზა კომპრომისული წინადადებები. ახლა პარტიებზეა დამოკიდებული, რომ განაგრძონ მოლაპარაკებები. ლოგიკა გვკარნახობს, რომ პირველი ნაბიჯი მმართველმა პარტიამ უნდა გადადგას, კითხვები არ არსებობს, რომ ყველა ელოდება "ქართული ოცნებისგან" პირველ ნაბიჯს. მაგრამ, პროცესში, ასევე, უნდა იყოს ჩართული ოპოზიციაც და მათაც უნდა გასცენ გარანტია, რომ განაგრძობენ პროცესს, რომ ისინი საკუთარ ნაბიჯებს გადადგამენ მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" საკუთარ ნაბიჯს გადადგას.
ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი დაიღალა. მათ უნდათ მშვიდობა. მათ სურთ, რომ მთავრობამ და პარლამენტმა იმუშაონ იმ საკითხებზე, რაც ხალხისთვის რეალურად მნშვნელოვანია. დაიღალა სამოქალაქო საზოგადოებაც,"-აღნიშნა მარინა კალიურანდმა.