ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება მწვავდება. მონაზონი სოსანა, რომელსაც მარტვილის წმინდა ნინოს მონასტერში ამ დრომდე არ უშვებენ, მონასტრის ქონების გადაბარების პროცესის ბოლომდე წარმართვის უფლებას ითხოვს.
"მე იქამდე არ ვაპირებ გასვლას ამ მონასტრიდან, სანამ არ გადავაბარებ მონასტრის ქონებას. მანამდე არ ვაპირებ წასვლას ამ ეპარქიიდან, სანამ კარგად არ ავწონ-დავწონო, სად უნდა წავიდე, როგორ უნდა ვიცხოვრო,"-აცხადებს მონაზონი.
მონაზონს მხარდაჭერა გამოუცხადეს ქალთა მოძრაობის წევრებმაც, რომლებიც აპირებენ გაარკვიონ, როდის აპირებს გადაბარების კომისია მუშაობის გაგრძელებას, რადგან მონასტრის ქონება უნდა აღიწეროს ყოფილი წინამძღვრის მონაწილეობით.
"მინდა შევიდე კომისიის წევრებთან და გავარკვიო როდის გაგრძელდება გადაბარება, რადგან დიდ ქონებას ფლობს მონასტერი, ასევე, არის კელიები, არის სხვადასხვა ნივთები და ინვენტარი, რომელიც უნდა აღიწეროს,"-აცხადებს ქალთა მოძრაობის წევრი.
ქალთა მოძრაობაში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, მონაზონ სოსანას სამართლებრივ დახმარებასაც გაუწევენ.
"ეს ყველაფერი უკვე გასცდა მონასტრის ფარგლებს და ადამიანის უფლებებს შეეხო, სამოქალაქო საქმეებში გადმოვიდა ეს ყველაფერი. აქ ვარ იმიტომ, რომ სიტუაცია შევაფასო, რამდენად სერიოზულია და შემდეგ ერთად დავგეგმოთ, სამოქალაქო კუთხით რა შეიძლება გავაკეთოთ,"-აცხადებს ქალთა მოძრაობის წევრი ცაბუნია ვართაგავა.
მონაზონს ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტის ძმამ, გადაბარების კომისიის წევრმა ივანე კალაიჯაშვილმა მიტროპოლიტის ბრძანება წაუკითხა, სადაც ნათქვამია, რომ მონაზონმა მონასტერი უნებართვოდ დატოვა.
"დედა სოსანა მრავალჯერ იყო გაფრთხილებული, რომ ეპარქიის მმართველის ნებართვის გარეშე არ დაეტოვებინა მონასტერი. მან სამართალდამცველების, მონასტრის კეთილმოწესისა და კომისიის წევრების თანდასწრებით, უნდა გააღოს მის მიერ დაკეტილი კარები და მათი თანდასწრებით უნდა ჩაალაგოს თავისი პირადი ნივთები და გაიტანოს მონასტრის ტერიტორიიდან,"-განაცხადა მან.
მონაზონი სოსანა ამ ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს.
"თქვენ მწამებთ ცილს. მე ახლა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ კურთხევის გარეშე წავედი მონასტრიდან, ეს არის ცრუ ინფორმაცია. დილით ლოცვაზე იდგნენ მონაზვნები, შევედი წინამძღვარს, ვინც არის დღეს დანიშნული არაკანონიერად, ვუთხარი - დედაო, მე მივდივარ თბილისში, დღესვე დავბრუნდები და მონასტრის კარი არ ჩამიკეტო. მას რომ ეკითხა, მე ვეტყოდი, რატომ მივდიოდი თბილისში,"-ამბობს მონაზონი.
შეგახსენებთ, რომ მონაზონმა სოსანამ მორჩილ ნინოსთან ერთად ღამე სხვა მონასტერში გაათენა, რადგან თბილისიდან დაბრუნების შემდეგ, მონასტერში შესვლის უფლება არ მისცეს.
ამის შემდეგ, მიტროპოლიტი სტეფანეს ბრძანებაც გავრცელდა, რომლის მიხედვითაც მონაზვნებს მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევები ედებათ ბრალად, რის გამოც ისინი სინანულისთვის ცაგერში მდებარე მონასტერში გაამწესეს.
იქამდე, ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ მონაზონი სოსანა მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარობიდან გაათავისუფლა. მონაზონი იმ სასულიერო პირებს მიეკუთვნება, ვინც მხარს ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას უჭერს, ახალ მიტროპოლიტს აკრიტიკებს და დაუმორჩილებლობას უცხადებს.