აგრარულ ბაზარში და სასურსათო მაღაზიებში მომხმარებლებს პროდუქტების შეძენა თითქმის ყოველდღიურად განსხვავებული ფასით უწევთ.
მოქალაქეები ღირებულების განსაკუთრებულ მატებას ზეთზე, შაქარზე, ბოსტნეულსა და ხორცზე აღნიშნავენ. პროდუქტის შესაძენად გასულები ამბობენ, რომ თავიანთი დანაზოგი აუცილებელი საკვები პროდუქტების შესაძენად არ ჰყოფნით.
გაძვირებული საკვები პროდუქტები პრობლემაა თავად მოვაჭრეებისთვისაც. ისინი მყიდველთა ნაკლებობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მოთხოვნის სიმცირის გამო, პროდუქტის დიდი ნაწილი უფუჭდებათ.
9 ძირითად სამომხმარებლო პროდუქტზე ფასების მომატებას სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც ადასტურებს.
სურსათსა და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასების მომატებას ეკონომიკის საკითხებში ექსპერტები სხვადასხვა ფაქტორთან ერთად ეროვნული ვალუტის გაუფასურებით ხსნიან. სპეციალისტების განცხადებით, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე, მოსახლეობაზე პროდუქტების გაძვირება მძიმედ აისახება და პროგნოზიც დრამატული აქვთ.
ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების ზრდასთან ერთად მოიმატა ინფლაციის დონემ. საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის დონემ 7,2 %, მარტში კი, წინა წელთან შედარებით 4,2 % შეადგინა.
გაძვირებულ პროდუქტთან ერთად, ფასები მომატებულია ჯანდაცვის სფეროზე. მცირედი ცვლილება შეინიშნება ტრანსპორტისა და კომუნალური გადასახადების კუთხითაც.