ჭარბი წონა, სტრესი, უიმედობა - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც კოვიდპანდემიამ ადამიანებს მოუტანა. ცხოვრების წესისი რადიკალურმა ცვლილებამ, სტრესის შედეგად მომატებულმა ჭამის მადამ და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობამ, უმეტეს შემთხვევაში წონის მკვეთრი მატება, გამოიწვია, რაც ხშირ შემთხვევაში, ფსიქოლოგიური დარღვევების მიზეზიც გახდა.
როგორ შევძლოთ კვების რეჟიმის კონტროლი და ზედმეტი წონის დაკლება - ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა რჩევებს გვიზიარებს:
ექიმი-ენდოკრინოლოგი, ლაშა უჩავა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი გახშირებული ჩივილი, რის გამოც, ბოლო პერიოდში, პაციენტები მას აქტიურად მიმართავენ, სწორედ ჭარბი წონა და სტრესია.
"რაც პანდემია დაიწყო, სულ ვიძახი, რომ ძალიან რთულია 24 საათის განმავლობაში თანაცხოვრება მაცივართან, მაშინ როდესაც ფაქტობრივად გარეთ ვერ გავდივართ. რამაც შეუწყო აგრეთვე ხელი იმას, რომ ჩვენ უფრო მეტად დავმეგობრდით საკვებთან," - ამბობს ლაშა უჩავა.
გარდა ამისა, ენდოკრინოლოგი ამბობს, რომ ფიზიკური აქტივობის სიმცირე, ვიდრე ჩვეული ცხოვრების დროს მიმართავენ ადამიანები, ერთ-ერთი ფაქტორი გახდა იმისა, რომ მიღებული კალორაჟი აჭარბებდა გახარჯულს.
"სტრესის მომცემი იყო თითოეული ადამიანისთვის კილოგრამების დამატება. რამაც შექმნა, უხეშად, რომ ვთქვათ, პათოლოგიური ჯაჭვი - სტრესი, სტრესის მიერ გამოწვეული ჰიპერინსულინემია, ჰიპერინსულინემიის ფონზე გაძლიერებული მადა, მიღებული საკვები, საკვებიდან ჭარბი წონა და ჭარბი წონის ფონზე ისევ სტრესი," - ამბობს ენდოკრინოლოგი.
ლაშა უჩავას თქმით, პანდემიის დაწყებიდან მალევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბროშურა გამოსცა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჯანსაღი ცხოვრების წესი პანდემიის პირობებში. მთავარი მიზანი კი იმუნური სისტემის გაძლიერება იყო, რაც ყველაზე ძლიერი იარაღია ვირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ.
ენდოკრინოლოგი ადამიანებს, რომლებიც მსგავსი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ, ურჩევს, გააქტიურონ ფიზიკური აქტივობა, შექმნან გარკვეული რუტინა ყოველდღიურ ცხოვრებაში და გამოყონ განსაზღვრული დრო იმისათვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების პირობები შეიქმნან.
ენდოკრინოლოგის განმარტებით, ჭარბი წონა მხოლოდ ვიზუალური მხარე არ არის, ის განსაზღვრას ადამიანების ჯანმრთელობას და იმუნური სისტემის სიძლიერეს.
თუმცა იყო გამონაკლისი შემთხვევებიც, როგორც, ლაშა უჩავა აღნიშნავს, ამ პერიოდში გამოიკვეთა ადამიანთა ის კატეგორიაც, რომლებმაც პანდემია მოტივაციად აქციეს და ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვეს ხელი.
"იყო გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებმაც პირიქით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მიჰყვეს ხელი და სოციალური ქსელი და პლატფორმა ძალიან აქტიურად გამოიყენეს იმისთვის, რომ გარკვეული მოტივაცია სხვებისთვისაც შეექმნათ," - აღნიშნავს ლაშა უჩავა.