19 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
ქრისტიანების ნაწილი აღდგომას ზეიმობს - საქართველოს პირველი პირები მორწმუნეებს დღესასწაულს ულოცავენ

დღეს კათოლიკური სამყარო და სომეხთა სამოციქულო ეკლესია აღდგომას აღნიშნავენ. ერევანში სააღდგომო ლიტურგიას ქვეყნის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი გრიგოლ განმანათლებლის ეკლესიაში დაესწრო, სადაც ღვთისმსახურება სომხეთის პატრიარქმა აღავლინა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე აღდგომა მიულოცა კათოლიკური, ლუთერანული და სომხეთის სამოციქულო ეკლესიების წევრ თანამოქალაქეებს.

"გულითადად გილოცავთ მაცხოვრის აღდგომას კათოლიკური, ლუთერანული და სომხეთის სამოციქულო ეკლესიების წევრ თანამოქალაქეებს, ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის უდიდესს. 

საყოველთაო განახლებისა და უკეთესი მომავლის რწმენის ამ წმინდა დღეს ვუერთდები თქვენს სიხარულს და ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და მშვიდობას ვუსურვებ თქვენს ოჯახებსა და ჩვენს სამშობლოს," - წერს პრემიერი.

"ფეისბუქზე" მილოცვის ტექსტი გაავრცელეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემაც

"ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას აღნიშნავს. გულითადად ვულოცავ ჩვენს თანამოქალაქეებს და ყველას, ვინც დღეს სულიერ ამაღლებას, სიცოცხლის გამარჯვებისა და სიკეთის მიერ ბოროტების ძლევის დღესასწაულს ზეიმობს. ვუერთდები თქვენს სიხარულს, გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას!" - წერს პრეზიდენტი. 

"ჩვენს თანამემამულეებს და ყველას, ვინც დღეს აღნიშნავს, ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ამ განახლების, სიცოცხლის, ახალი საწყისის დღეს ჩვენ ყველა თქვენთან ერთად ვზეიმობთ. მშვიდობას, ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ!" - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები