ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის ზედა ნაწილზე, მთის ფერდზე გაჩენილი მეწყრული პროცესების შესაკავებლად, კომპანია Caucasus Road Project ჯგუფი ჩაერთო. ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის მთავარმა სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ განუცხადა.
როგორც სეისმოლოგი ამბობს, კომპანიამ მეწყრის ე.წ. გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო და პროცესზე მთლიანი პასუხისმგებლობა აიღო.
რამდენად მომგებიანია კომპანიის მიერ განხორციელებული ჩარევითი სამუშაოები, ამაზე თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ ამ ჩარევის გამო უკვე მეზობელი ფერდებიც პრობლემურია და აუცილებელია, რომ ის კონტროლქვეშ მოექცეს.
"ჩვენ იქიდან რეალურად გამოგვიშვეს, უკვე კომპანიამ დაიწყო მეწყრის ე.წ. გამაგრებითი სამუშაოები. ჩვენი მონიტორინგი კი, ფაქტობრივად, შემუსრეს. ამ ჩარევის გამო, მეზობელი ფერდებიც უკვე პრობლემურია. აუცილებელია, რომ ის კონტროლქვეშ მოექცეს.
გეოლოგიურად, საკმაოდ მძიმე სურათი გვაქვს, რომლის პროგნოზირებაც შეუძლებელია. მთლიანად კომპანიამ აიღო პასუხისმგებლობა, ჩვენ კი მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ჩვენი პოლიტიკა, ის, რომ ინტენსიური მონიტორინგი გვეწარმოებინა, ჩამოგვეყვანა საერთაშორისო გამოცდილების მქონე სპეციალისტები. მე გერმანული გუნდის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ საჭიროა, ის, ვისაც მეწყრის მართვის კუთხით გამოცდილება აქვს და ძალიან დიდი იმედი მქონდა, დაგვეხმარებოდა ამერიკის შეერთებული შტატები და ჩამოვიყვანდით კომპანია "use amirco-ს", ეს არის ძალიან გამოცდილი საინჟინრო გადაწყვეტილებების მიმღები ორგანიზაცია. ამის შემდეგ, ჩვენ თანამედროვე მეთოდებითა და მიდგომებით შევძლებდით პროცესის მართვას მოსახლეობისთვის უსაფრთხოდ,"- აცხადებს თეა გოდოლაძე.
მოსალოდნელია თუ არა, მეწყრული პროცესები კიდევ უფრო გააქტიურდეს ამინდის გაუარესების გამო?
"ნებისმიერი ნალექი შეიძლება იყოს აგენტი და პროვოკატორი მეწყრული პროცესების დინამიკაში მოსაყვანად. შესაძლოა, არაპროგნოზირებადი პროცესი წარიმართოს, ამიტომ, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია მოსახლეობა განვარიდოთ ტერიტორიას და მათი უსაფრთხოება დავიცვათ.
"ჩარევამდე ჩვენ ვამბობდით, რომ მეწყრული პროცესები სავარაუდოდ, მარშალ-გელოვანის გამზირადე არ ჩამოვიდოდა. ეს მოხდებოდა მაშინ, თუ ჩვენ დავაგდებდით მეწყრის გავრცელების ტემპს და ამაში ტოპოგრაფიაც გვიწყობდა ხელს,"- აღნიშნა თეა გოდოლაძემ.
ასევე, სეისმოლოგი ამბობს, რომ არსად არ არსებობს გერმანელი ექსპერტების დასკვნა და ისე დაიწყო გამაგრებითი სამუშაოები, წინასწარ არ შედგენილა პროექტი იმის შესახებ, თუ როგორ ამაგრებენ და როგორ უნდა წარიმართოს პროცესები.
"არსად არ არის გერმანელი ექსპერტების დასკვნა, გვანახონ. ისე დაიწყეს სამუშაოები, რომ ერთი სიტყვაც არ არის დაწერილი და პროექტი არ არის შედგენილი, როგორ ამაგრებენ და როგორ უნდა წარიმართოს პროცესები. ამართლებენ ამ ქმედებას იმით, რომ თურმე მილი გაიღუნა და წყლის პრობლემაა, რაც ძალიან საეჭვოდ მიმაჩნია. ჩვენ ვესაუბრეთ კომპანიას, რომელიც ადგილზე გამაგრებით სამუშაოებს ატარებს, სადაც გვითხრეს, რომ ონლაინ "ზუმის" მეშვეობით გაუწიეს მათ კოორდინაცია გერმანელმა ექსპერტებმა," - აცხადებს თეა გოდოლაძე.