ხმაური იყო ქუთაისის მერიაში, სადაც ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე დააკავეს. მას, სავარაუდოდ, პოლიციისათვის დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ჟურნალისტს პოლიციელებმა ხელბორკილები დაადეს და შენობიდან იძულებით გამოიყვანეს. დაკავების დროს ჟურნალისტი შეუძლოდ გახდა, რის გამოც საპატრულო პოლიციიდან სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ადვოკატის თქმით, ის უგონო მდგომარეობაში იყო.
დაპირისპირება მერიის შენობაში ჟურნალისტების შესვლაზე დაწესებულ შეზღუდვას მოჰყვა. ჟურნალისტი აცხადებდა, რომ მერიის შენობაში შესვლისას დაცვამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაც გააპროტესტა და მერთან შეხვედრა მოითხოვა.