19 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
"ძალიან მიამიტი იყო... ბოლომდე არ ჯეროდა, რომ იყო მწერალი" - "კურიერის" ინტერვიუ გურამ დოჩანაშვილის ცოლთან

საქართველო გურამ დოჩანაშვილს ემშვიდობება. სამოქალაქო პანაშვიდი დღეს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.

კლასიკოსი მწერლის ცოლი, ნათელა სეფიაშვილი ამბობს, რომ გურამ დოჩანაშვილის ოცნება იყო, მწერალი გამხდარიყო : "ბოლომდე არ ჯეროდა, რომ იყო მწერალი..."

ნათელა სეფიაშვილმა მომავალი მეუღლე სტუდენტობისას გაიცნო. 

"მე 1959-ში გავხდი სტუდენტი, უნივერსიტეტის, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის გერმანული განყოფილება. შილერის საღამო უნდა მოეწყო და მე ვიყავი ჟანა დარკი. პირველად დამინახა წიგნებით და ჩაიდო გონებაში, რომ მე ვიქნებოდი მისი ცოლი..." - ჰყვება "კურიერთან" ნათელა სეფიაშვილი, რომელიც ნამდვილად გახდა უდიდესი კლასიკოსის ცოლი, თუმცა ამბობს, რომ მისთვის გურამ დოჩანაშვილი ბოლომდე "პირველ შვილად დარჩა". 

"ძალიან მიამიტი, ალალი გული ჰქონდა, ბავშვის, ჩემთვის ეგ არის პირველი შვილი... სიტყვა "ქმარი" მე არ [მითქვამს]... ის იყო ჩემთვის შვილი, რომელიც სულ ჩვილი იყო, ახალშობილი," - იხსენებს ნათელა სეფიაშვილი. 

"სამოსელი პირველი" რომ დაწერა, გაოცებული იყო, არ იცოდა, საიდან მოდიოდა.... 

"ბრმადყოფილზე" - არა პაუზა, დაამთავრა, მოასწრო, გახარებული იყო, რომ დაამთავრა. ასე მთავრდება - "მე, გურამ დოჩანაშვილი..." დაასრულა, ეგრევე დავარეკინე გამომცემელთან, ელაპარაკა რომ დამთავრდაო და ამოისუნთქა," - ჰყვება მწერლის მეუღლე. 

გურამ დოჩანაშვილი ერთადერთია თანამედროვე საქართველოში, ვისაც მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვას უკლებლივ ყველა ემხრობა, თუმცა სხვაგვარი აღმოჩნდა დიდი ქართველი მწერლის და მისი ოჯახის ნება.

გურამ დოჩანაშვილს ხვალ საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ.

დღის ამბები