ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ნამახვანჰესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდება, ოღონდ მას შემდეგ, რაც მის უსაფრთხოებაში ყველა დარწმუნდება.
მისივე თქმით, თუ იქნება წინადადებები, რა შეიძლება გაკეთდეს უკეთესად, ინვესტორი მზად არის დამატებითი ხარჯი გაიღოს.
"პროექტი არ გადადებულა, ის განხორციელდება. რაც შეეხება კაშხალს, რომელიც არის ყველაზე კრიტიკული ნაგებობა, აშენდება მას შემდეგ, რაც მოხდება დასკვნების გადამოწმება. აშენდება კაშხალი, მაგრამ აშენდება როდესაც ყველა დარწმუნდება იმაში, რომ ის უსაფრთხოა.
ძალიან დეტალური დასკვნები არსებობს, რომელიც ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციებმა გააკეთეს, მაგრამ რადგანაც გაჩნდა უნდობლობა და კითხვები, რამდენად მართლაც უსაფრთხოა ეს დასკვნები, გავახსნევინეთ და ყველა ექსპერტს, ვინც არის დაინტერესებული, შეუძლია იხილოს და გადაამოწმოს. თუ დადგა მომენტი, რომ რაიმე შეიძლება გაკეთდეს უკეთესად, ინვესტორი მზადაა დამატებითი ხარჯი გაიღოს, დააზუსტოს მდებარეობა, შეცვალოს მასალების ხარჯი, დააზუსტოს ტექნოლოგია, მაგრამ საკითხი იმისა, რომ ჰესი არ აშენდეს, ამას, უბრალოდ, არ განვიხილავთ,"- აცხადებს მინისტრი.