19 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
"მეგი აიცრა მე-10 კაცად" - ახალციხის კლინიკა "იმედის" მედპერსონალი გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატებს პასუხობს

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე გამოძიება გრძელდება. პოლიციაში იმ პირების გამოკითხვები მიმდინარეობს, რომლებსაც ექთნის გარდაცვალების საქმესთან გარკვეული შეხება ჰქონდათ.

"კურიერი" ახალციხის კლინიკა "იმედის" კლინიკურ დირექტორს და თანამშრომელს ესაუბრა. მედპერსონალი ოჯახის ადვოკატების კითხვებს პასუხობს, რომლებმაც დღეს მოწმეების ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებზე ისაუბრეს.

"მივედი 15 წუთით ადრე. ჩაწერილი ვიყავი, როგორც მახსოვს 11-ის 10 წუთზე. მე ვიყავი პირველი, რომ მივედი, არავინ არ იყო და ლოდინი მომიწია. მერე, როცა 10 კაცი შევგროვდით ვაქცინაციის გასაკეთებლად, პირველმა ავიცერი მე. წასასვლელი ვიყავი, ტესტირებას ვაკეთებ და ძალიან მაგვიანდებოდა, მართლა არ მახსოვს ზუსტი დრო, მაგრამ დიდხანს მომიწია ლოდინმა," - განაცხადა მედიკოსმა მარეხი კირთაძემ.

"მაგ დღეს აცრა ჩაიტარა არამარტო ჩვენმა პერსონალმა, ახალციხის სხვა სამედიცინო პერსონალიც იყო. ლაბორატორიის ექიმები, სტომატოლოგებიც იყვნენ. აცრის რეგისტრაცია იწყება 10 საათზე. რამდენიმე იყო დარეგისტრირებული, ერთი 10-ზე, 10 საათსა და 10 წუთზე, მეორე - 11-ზე. ჩვენ მოლოდინი გავაკეთეთ იმის, რომ 10 კაცი შეგროვილიყო, რომ ვაქცინა გახსნილიყო. მგონი 11 საათსა და 40 წუთზე თუ არ ვცდები, შეიძლება მეშლება, მაგრამ ფლაკონი ამოღებული აქვს პოლიციას და ზედ არის ეტიკეტი, გახსნის დრო. მეგი აიცრა მე-10 კაცად, ეს ზუსტად ვიცი," - აღნიშნა ახალციხის კლინიკა "იმედის" კლინიკური დირექტორმა მზია კაკოშვილმა.

ცნობისთვის, ოჯახის ადვოკატების თქმით, ყოველ ჯერზე სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები გამომძიებლებს ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აწვდიდნენ, რამაც გარდაცვლილი ექთნის საქმე ბუნდოვანი გახადა.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ექთანი, რომელსაც AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

შსს-მ 27 წლის ექთნის გარდაცვალებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დღის ამბები