რა გახდა 27 წლის ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი - ჯანდაცვის სამინისტრო ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.
დღეს ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს - ჰქონდა თუ არა გადატანილი მეგი ბაქრაძეს კორონავირუსი, ჯანდაცვის მინისტრმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
"მეგი ბაქრაძეს კორონავირუსი არ ჰქონია, დაველოდოთ ექსპერტების პასუხს," - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციაზე დღეს ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები საუბრობდნენ. ადვოკატების ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ არც დაადასტურა და არც უარყო ინფორაცია, ჰქონდა თუ არა დაღუპულ ექთანს გადატანილი კორონავირუსი.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ექთანი, რომელსაც AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
შსს-მ 27 წლის ექთნის გარდაცვალებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.