19 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
ეს განხეთქილება არაა, ეს არის პატარა შფოთი, რომელიც თქვენ გაშფოთებთ და ჩვენ არ გვაშფოთებს - მიტროპოლიტი იოანე

ჭყონდიდის ეპარქიაში არსებულ დაძაბულ სიტუაციასთან დაკავშირებით ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი აცხადებს, რომ ეკლესიაში არა განხეთქილება, არამედ პატარა შფოთია, რომელიც მედიას და გარკვეულ პირებს აშფოთებთ და არა სამღვდელოებას:

"სამწუხაროა ეს მოვლენები, რომ პირადი სიმპათიების გამო საეკლესიო სამართლის ფარგლებს გასცდა ხალხი. ლაპარაკობს, იქით თითს იშვერს და თავის თავზე არა და ვინ დაიწყო ეს ყველაფერი? ვინც დაიწყო, იმან უნდა აგოს პასუხი. არ არის ჩვენი სურვილი, რომ ვინმე განიკვეთოს, პირველ რიგში კი პატრიარქის სურვილი არაა, ამიტომ უწოდა უძღები შვილი, უძღები შვილი ვინ იყო? ვინც მამის სახლი დატოვა, წავიდა სხვაგან და მერე მობრუნდა სინანულით, პატრიარქმა ანიშნა, რომ მე მიგიღებ სინანულით, ეს განხეთქილება არაა, ეს არის პატარა შფოთი, რომელიც თქვენ გაშფოთებთ და ვიღაცებს, ჩვენ არ გვაშფოთებს. ჩვენ ვწუხვართ, რომ ადამიანი, რომელიც იყო პატივდებული, დღეს უცნაურად იქცევიან," -  აცხადებს მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი.

შეგახსენებთ, ჭყონდიდის ეპარქიის მოქმედი მმართველი მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი, ეპარქიის ყოფილ მმართველ პეტრე ცაავასა და მის მხარდამჭერებს  დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა განვითარებული მოვლენების გამო მღვდელმსახურება 20-მდე სასულიერო პირებს შეუჩერა. იგეგმება აღნიშნული საკითხის სინოდზე განხილვაც, რომლის სხდომაც სავარაუდოდ უახლოეს მომავალში უნდა შედგეს.

დღის ამბები