მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი იმედოვნებს, რომ დაპირისპირება, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიაშია, სინოდის მეშვეობით განიტვირთება და გაფართოებული კრების მოწვევა საჭირო არ გახდება:
"განხეთქილება - ეს არის უდიდესი ცოდვა, განხეთქილება მარტო ეკლესიაში კი არა, მრევლში მოხდება თავისთავად, ეკლესიიდან გადავა მრევლზე, მთლიანად ქვეყანაზე, ამას უფალი არ დაუშვებს. დაპირისპირება არის, მაგრამ ალბათ კანონიკური სამართლის ჩარჩოებში ეს მოგვარდება. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ეს არ არის ისეთი საშიშროება, რომ გაფართოებული კრება იყოს მოწვეული, სინოდსაც შეუძლია განმუხტოს ეს ვითარება," - განაცხადა მიტროპოლიტმა იობმა.
შეგახსენებთ, ჭყონდიდის ეპარქიის მოქმედი მმართველი მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი ეპარქიის ყოფილ მმართველ პეტრე ცაავასა და მის მხარდამჭერებს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა განვითარებული მოვლენების გამო მღვდელმსახურება 20-მდე სასულიერო პირს შეუჩერა. იგეგმება აღნიშნული საკითხის სინოდზე განხილვაც, რომლის სხდომაც, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში უნდა შედგეს.