ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განცხადებები გააკეთეს სპეციალისტებმა. მათ არსებულ ეპიდვითარებაზე კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება და მზარდ სტატისტიკაზე ისაუბრეს.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
"დინამიკური პროცესია და მარტივად რომ შევხედოთ სიტუაციას, როგორც კი კლინიკურ სექტორზე დატვირთვა იზრდება, სახელმწიფოს არ რჩება უბრალოდ მეტი არჩევანი რომ ვირუსის გავრცელება მექანიკურად შეზღუდოს. ჩვენ სულ ვსაუბრობთ ამაზე და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება ვირუსის გავრცელების შეფერხების არის პირბადის ტარება. ძალიან გთხოვთ და მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ პირბადე შენობის შიგნით იქნება, თუ შენობის გარეთ, ყველამ უნდა ვატაროთ. ეს არის ერთადერთი ხსნა, იმიტომ რომ სხვა ზემოქმედების საშუალება მარტო გადის ისევ ლოკდაუნის გამოცხადებაზე. სხვა გამოსავალი არ არის, თუ გვინდა რომ გადავრჩეთ და ლოკდაუნი არ იყოს და ეკონომიკური რეცესია კიდევ უფრო არ გაღრმავდეს. მხოლოდ პირბადე და დანარჩენი ვაქცინაცია - ეს იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ მესამე ლოკდაუნის გამოცხადება,“ - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.
არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე.
"სტატისტიკა მზარდია, ერთი რაც შეიძლება ითქვას, ამას ჯერჯერობით არ გამოუწვევია სტაციონარებში მიმართვიანობის ზრდა, არ გამოუწვევია მძიმე შემთხვევების მატება, თუმცა ისევე როგორც მოზრდილებში, ბავშვებში უფრო მეტი ფიქსირდება ყოველდღიურად ინფიცირების შემთხვევები,“ - აცხადებს ივანე ჩხაიძე.