19 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
ვირუსის გავრცელება ბავშვებშიც იზრდება - თუ ტენდენცია არ შეიცვალა, დამატებითი შეზღუდვების ამოქმედება გარდაუვალი იქნება

კოვიდინფიცირებულმა პრემიერმა მას შემდეგ, რაც კორონავირუსი დაუდასტურდა, დღეს პირველი ონლაინმიმართვა გაავრცელა. ირაკლი ღარიბაშვილმა მოქალაქეებს ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების შესრულებისკენ მკაცრად მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დამატებითი შეზღუდვების ამოქმედების აუცილებლობაზე ისაუბრა.

COVID-19 არა მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, საკანონმდებლო ორგანოშიც სწრაფად ვრცელდება. "პარლამენტის კლასტერს" დღეს კიდევ ერთი ინფიცირებული დეპუტატი - ირაკლი ზარქუა დაემატა. საკანონმდებლო ორგანო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს, თუმცა, პარალელურად, შენობაში სადეზინფექციო სამუშაოებიც ტარდება, მკაცრად კონტროლდება პირბადის ტარება, ინფიცირებულების კონტაქტები კი იზოლაციაში გადავიდნენ. 

ეპიდვითარების დამძიმებას მოწმობს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების სტატისტიკაც. დღიური მაჩვენებელი დღეს 800-ს მიუახლოვდა. ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 9 პაციენტი.

მზარდია ვირუსის გავრცელება ბავშვებშიც. თუკი ქვეყანაში ტენდენცია არ შეიცვალა, მორიგი ლოკდაუნი, ან - უკეთეს შემთხვევაში, დამატებითი შეზღუდვების ამოქმედება გარდაუვალი იქნება.

დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბა იმუნიზაციის საბჭოც, სადაც ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ისაუბრეს. ევროპის წამლის სააგენტოს მიერ გამოთქმული ვარაუდის შემდეგ, რომ შესაძლოა Astrazeneca 55 წელს ქვემოთ ასაკში თრომბოემბოლიას იწვევდეს, საქართველოს ჯანდაცვის უწყებამ ამ პრეპარატით მცირე ასაკობრივი კატეგორიის აცრის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

დღის ამბები