32 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან - გმირების პატივსაცემად 9 აპრილის მემორიალთან დილიდან ხალხმრავლობა იყო. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები, დიპლომატები, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისი მერი და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იკრიბებოდნენ.
ის, რომ 32 წლის წინ დაწყებული ბრძოლა გრძელდება და რომ რუსული ოკუპაცია ეროვნული საფრთხეა, ამაზე დღეს პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარეები ერთნაირად ამახვილებდნენ ყურადღებას. 9 აპრილის გმირებისთვის პატივის მისაგებად რუსთაველზე თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იმყოფებოდა.
დღევანდელი დღის მნიშვნელობას და დაღუპულთა თავგანწირვას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, რომელიც კოვიდით ინფიცირების გამო რუსთაველზე თავად ვერ მივიდა. გმირების ხსოვნას პატივი მიაგო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმაც. კელი დეგნანი 9 აპრილის მემორიალთან პირადად მივიდა და ის გვირგვინით შეამკო. მოგვიანებით კი ვიდეო-მიმართვა გაავრცელა.
9 აპრილის ტრაგედიას 21 გმირი მსხვერპლი ჰყავს. მათ შორის 3 არასრულწლოვანი. დაშავებული კი 427 მოქალაქე. საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა, იგორ როდიონოვის ხელმძღვანელობით, მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დაარბიეს. დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე. ტრაგედიიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.