4 აპრილს ქადაგების დროს გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს.
მიტროპოლიტი ეკლესიაში არსებულ კრიზისზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ სწამს, ეკლესიის წიაღში არის რესურსი იმისთვის, რომ დაიწყოს არსებულ აქტუალურ და უაღრესად მწვავე პრობლემებზე სერიოზული დისკუსია.
"ბოლო წლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრება ჩვენი საზოგადოებისა და მედიის განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახდა. საჯარო სივრცეში ეკლესიისა და მისი საქმეების გარშემო მრავალი ურთიერთგამომრიცხავი პოზიცია დაფიქსირდა, ეკლესიის მიმართ გახშირდა მწვავე კრიტიკა, გარდა ამისა, გაჩნდა ღია დაპირისპირებები სასულიერო პირებს შორის, რამაც დამატებით არაერთი პრობლემა წარმოშვა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ამ ვითარებამ მორწმუნეებში დაბნეულობა ან სულაც იმედგაცრუება გამოიწვიოს, რადგან საქართველოს მრავალი მკვიდრი სწორედ ჩვენს ეკლესიას შეჰყურებს იმედის თვალით, თუმცა არც ის უნდა დავუშვათ, რომ არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდეს და ეკლესიას, როგორც ინსტიტუციას, დამატებით ახალი მწვავე პრობლემები გაუჩნდეს.
ეკლესიამ ჩვენს თავში უნდა მოვნახოთ ძალა, რათა გამოვავლინოთ სულიერი ერთობა და შეგვწევს ძალა, ურთულესი საკითხებიც კი ეკლესიის წიაღში გადავჭრათ. ღრმად მწამს და მჯერა, რომ ჩვენი ეკლესიის წიაღში არის საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ ეკლესიაში არსებულ აქტუალურ და უაღრესად მწვავე პრობლემებზე დაიწყოს სერიოზული დისკუსია. ამის პრეცენდენტი უნდა გახდეს თუნდაც ბოლო დროს განვითარებულ შემაშფოთებელ მოვლენებზე მსჯელობა, რისთვისაც კანონიკური საფუძველი მოამზადა და საკითხზე მსჯელობის ვალდებულება დაგვაკისრა წმიდა სინოდის 2021 წლის 11 თებერვლის დადგენილებამ (დროებითი კომისიის შექმნის თაობაზე). შესაბამისად, გადაუდებელ ამოცანად გვესახება არსებულ პრობლემებზე კვალიფიციური მსჯელობის დაწყება და მისი კანონიკურ ჩარჩოებში წარმართვა.
უტყუარი ფაქტია, რომ ხსენებულ მოვლენებზე საზოგადოებასა და მედიაში ფართო დისკუსიაა გაშლილი, რის შედეგადაც ისმის არაერთი მწვავე შეკითხვა, რომლებზეც დამაჯერებელი პასუხების გაცემა ჩვენი პირუთვნელი მოვალეობაა. ამ და სხვა პრობლემური საკითხების შესახებ ეკლესიაში უნდა დავიწყოთ კონსტრუქციული და საქმიანი დიალოგი, რომლის შედეგებმაც ხელი უნდა შეუწყოს არსებული კრიზისული ხშირად, უაღრესად კონფლიქტური ვითარების განმუხტვას და დამაჯერებელი პასუხი გასცეს ყველა იმ სირთულესა და გამოწვევას, რომლის წინაშეც სწორედ რომ დღეს დგას ჩვენი დედა ეკლესია!
დაბოლოს; კიდევ ერთხელ დავძენთ, რომ სწორედ ამ პათოსით იყო ნასაზრდოები ჩვენს ქადაგებაში გამოთქმული წუხილი. დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთმანეთის მოსმენისა და შეწყნარების უნარი. ერთმანეთის აღიარებით თითოეული ჩვენგანი არა თუ სუსტდება, არამედ ძლიერდება. და ამით, შესაბამისად, ძლიერდება ჩვენი დედა ეკლესია!"- განმარტა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა.