სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები ღამით გამართული ხალხმრავალი ღონისძიებიდან - მოქალაქეები შეკრებილები არიან ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ერთ-ერთ კლუბში, სადაც რეგულაციები უხეშად ირღვევა. ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით შრომის ინსპექციამ გაავრცელა, უწყებამ გამოავლინა ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ორგანიზებას უწევდნენ აკრძალულ ღონისძიებას. გამოვლენილია სქემა, რომლის მიხედვითაც, აფორმებდნენ იჯარის რამდენიმე ხელშეკრულებას, ასაიდუმლოებდნენ ფართის გადაცემის რეალურ მიზანს და ცდილობდნენ თავი აერიდებინათ პასუხისმგებლობისგან.
დანაშაულებრივი სქემა შრომის ინსპექციის სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გაშიფრა.
"კურიერის" გადამღები ჯგუფი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, უშუალოდ იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მრავალრიცხოვანი ღონისძიება იმართებოდა.
თავად ეს კლუბი უკვე დალუქულია. აღნიშნული გადაწყვეტილება შრომის ინსპექტირების სამსახურმა მიიღო. ადგილზე "კურიერის" გადამღებ ჯგუფს საკმაოდ არაჰიგიენური მდგომარეობა დახვდა.
"მე გუშინ ღამით აქ მეგობრებთან ერთად ვიყავი. გვიან ღამით შესამოწმებლად შესაბამისი სამსახურები მოვიდნენ და ობიექტი დააჯარიმეს. იძულებული გავხდი ტერიტორია დამეტოვებინა. დამრჩა პირადი ნივთები, მოვედი მათ წასაღებად, მაგრამ კარი დალუქული დამხვდა," - აცხადებს ღამით გამართული ღონისძიების მონაწილე ერთ-ერთი პირი.
რაც შეეხება დანაშაულებრივ სქემას, რომელიც შრომის ინსპექტირების სამსახურმა გაშიფრა, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის განცხადებით, იმართებოდა მრავალრიცხოვანი ღონისძიებები სწორედ ამ ტერიტორიაზე. ორგანიზატორი მუდმივად სხვადასხვა ფიზიკური პირი იყო იმისთვის, რომ საქმეს სხვა მსვლელობა არ ჰქონოდა. საუბარია სისხლის სამართლებრივ დანაშაულზე.
ხუთშაბათს, კანონში შესაბამისი ცვლილება შევიდა, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ობიექტის მფლობელს დაეკისრება 10 000 ლარის ჯარიმა იმ შემთხვევაში თუ იგი ფართს მრავალრიცხოვანი ღონისძიებისთვის გააქირავებს. სწორედ ამ ხერხს მიმართა შრომის ინსპექტირების სამსახურმა. ხოლო ფიზიკურ პირებს, რომლებიც ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ, 2 000 ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ.
"ინფორმაცია გვქონდა, რომ აღნიშნულ ობიექტზე იმართებოდა სოციალური ღონისძიება. პრევენციულად 10 აპრილიდან, დილის საათებიდან დაიწყო გაფრთხილება აღნიშნული ფართის მესაკუთრის, ისევე როგორც მოიჯარის და ქვემოიჯარის მიმართ. საზოგადოებამ ნახა მასშტაბი ამ ღონისძიების თუ რაოდენ დიდი მასშტაბით ხდებოდა რეგულაციების დარღვევა. ფაქტობრივად რამდენიმე ასეული ადამიანი ერთ კონკრეტულ სივრცეში ახდენდა ყოველგვარი რეგულაციების დარღვევით ღონისძიების გამართვას," - განაცხადა ბექა ფერაძემ.