პროგრამაში, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწების ხელმისაწვდომობას ეხება, ცვლილებებია. მოიჯარეებს უფლება ეძლევათ 31 მარტამდე იჯარით გაცემული სათიბი მიწები გამოისყიდონ. იხსნება მიწის ფართობზე დაწესებული ზედა ზღვარიც. ინიციატივის ავტორი მთავრობაა.
ბიძინა გიგაური, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტში მევენახეობას წლებია მისდევს, ამბობს, რომ სახელმწიფოსგან იჯარით გაცემული მიწის სავარგულების გამოსყიდვა მის ბიზნესს გაფართოების საშუალებას მისცემს.
კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც ინიციატივა ითვალისწინებს, მიწის ფართობებზე დაწესებული ზედა ზღვარის გაუქმებაა - თუ აქამდე ნებადართული იყო მხოლოდ 10 ჰექტრამდე იჯარით გაცემული სასოფლო მიწის ნაკვეთის შესყიდვა, ახლა ეს შეზღუდვა საერთოდ მოიხსნება.
ახალი ინიციატივის ავტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრია. მთავრობის მეთაურის შეფასებით, აღნიშნული ცვლილება მნშვნელოვანია და ყველა მოიჯარეს თანაბარ პირობებში აყენებს.
ავტორი: თამარ თათარაშვილი