სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული მოქალაქის საძიებო სამუშაოები გრძელდება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონში გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროცესში ჩართულია 100-მდე მეხანძრე-მაშველი და მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა.
ადგილზე მუშაობენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ჯგუფები თბილისიდან. ოპერაციაში, იმერეთის მთავარი სამმართველოს მაშველების გარდა, ასევე ჩართული არიან წყალზე სამაშველო ჯგუფები აჭარის, სამეგრელოს და გურიის რეგიონებიდან. მდინარე რიონში მამაკაცის საძიებო სამუშაოებს აწარმოებს 6 მყვინთავი, 8 ნავითა და ყველა საჭირო აღჭურვილობით. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობს საძიებო სკანერის, ექოლოტის საშუალებით.
შემთხვევის ადგილზე მოწყობილია სპეციალური საველე შტაბი, რომელსაც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი ხელმძღვანელობს.
გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო სამუშაოები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო.