რუსთაველის თეატრის მსახიობს, ბესო ზანგურს, ყოფილი ცოლი, ასევე მსახიობი და "რუსთავი 2-ის" ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი, სისტემატურ ძალადობაში ადანაშაულებს.
მაყაშვილმა მრავალწლიანი დუმილი "რუსთავი2-ის" გადაცემა "ფარულ კონვერტში" დაარღვია.
"ეს გააკეთა თავისი ოჯახის წინ და მე ვიყავი ორსულად", - აღნიშნა მაყაშვილმა, რომლის თქმითაც, ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ხშირად გამხდარა.
"პირველად რა მიზეზი იყო, არ მახსოვს, იმდენად შოკირებული ვიყავი… რთულია ამ ყველაფერზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ 11 წელი გავიდა. არ მახსოვს მიზეზი, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა თავისი ოჯახის წინ და მე ვიყავი ორსულად, ამ ყველაფერს მერე მოსდევდა ბოდიშების და საჩუქრების რიგი კორიანტელი, რომელიც მე, რა თქმა უნდა, არაფერში აღარ მჭირდებოდა. არასდროს მილაპარაკია ამ თემაზე, მიუხედავად ძალიან დიდი ინტერესისა ამ თემის მიმართ, ზოგადად ვთვლიდი, რომ მაშინ არ იყო სწორი მომენტი და სწორი დრო. ახლა ძალიან დიდი დრო გავიდა, მე გავიზარდე, გადავლახე ეს ყველაფერი და ახლა უფრო მემარტივება ამაზე საუბარი, ვიდრე მაშინ", - ამბობს მსახიობი.
ის ყვება, რომ ძალადობა ხშირად ხდებოდა, მიზეზი კი ნებისმიერი რამ შეიძლებოდა, ყოფილიყო.
"ძალადობა ხშირად ხდებოდა. მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო თუნდაც ის, რომ, როცა შევჭამდი, თეფში და ჩანგალი თავის დროზე არ გამერეცხა. მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ როცა წითელ შუქნიშანზე მანქანით გაჩერებული ვიყავი და უბრალოდ მოწყენილი ვყოფილიყავი, ეთქვა, რომ მე ვარ უჟმური. მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ქუჩაში დანახული უბრალოდ ბიჭი... მერე მივხვდი, რომ ძალიან ბევრი კომპლექსი აქვს და ამ კომპლექსების კომპენსირებას ცდილობდა ჩემთან... ახლა ნერვები მეშლება და ყელში მადგება, მაგრამ მაშინ სუსტი ვიყავი. იმიტომ ვპატიობდი, რომ მეშინოდა. ძალიან მეშინოდა, იყო რიგი მუქარები ჩემი ოჯახის წევრების მიმართ. ვერავის ვუყვებოდი, რადგან ძალიან რთულია ასეთ რამეზე გამოხვიდე და ილაპარაკო. ყველა ელოდა ჩემგან, რომ მე ვიტყოდი - მიშველეთ და მე ვერ ვამბობდი. ბოლოს იყო, როცა ვთქვი, მიშველეთ", - იხსენებს ნინსუცა მაყაშვილი.
ნინუცა მაყაშვილმა გადაცემაში ძალადობის მსხვერპლ ქალებს მიმართა:
"ძალიან კარგად მესმის ძალადობის მსხვერპლი ქალების, რატომ არ დგამენ ნაბიჯს. ყველა ქალს, ვინც ახლა მსგავს სიტუაციაში, ან იგივეს განიცდის, ან ფიქრობს, რომ მისი ცხოვრება დამთავრებულია და ეს არის მისი ბედი, მე ყველას ვთხოვ, რომ აი, არ ვიცი, როგორმე ძალა მოიკრიბეთ და იცოდეთ, რომ ერთხელ ცხოვრობთ, არავის აქვს უფლება, რომ ზედმეტად შეგეხოთ, ცუდად მოგექცეთ. ყველას მართლა გულით ვთხოვ, რომ იპოვოს თავის თავში ძალა და ამ ყველაფერს შეეწინააღმდეგოს. საბედნიეროდ, ახლა ბევრი ორგანიზაციაა, რომელიც დაეხმარება, მაშინ არ იყო ასეთი სიტუაცია. ძალიან დიდი ზურგი ეყოლება ყველა იმ ადამიანს, ვინც გადაწყვეტს, რომ ასეთი ურთიერთობა დამთავრდეს. ეს ყველაზე რთული ნაბიჯია, მაგრამ იცოდეთ, რომ მეც ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში, იცოდეთ, რომ მეც ვყოფილვარ ცუდად და ახლა ვარ კარგად, თქვენც იქნებით კარგად, მთავარია ძალა იპოვოთ თქვენს თავში".
რუსთაველის თეატრმა დღეს საკუთარ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა მცირე განცხადება, სადაც წერია, რომ "რუსთაველის თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის, ოჯახურ ძალადობას".