საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებმა პენსიონერებმა, სოციალურად დაუცველმა და შშმ პირებმა, ასევე მრავალშვილიანმა ოჯახებმა მათთვის კუთვნილი შემწეობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ყოველგვარი შეზღუდვების და კარანტინის გვერდის ავლით შეუძლიათ მიიღონ.
ასევე, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შეუძლიათ გადმოვიდნენ ის ადამიანები, რომელთაც სამედიცინო დახმარების გაწევა ესაჭიროებათ.
"დაწესებული რეგულაციები ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ცნობილია, რომ პერიოდულად იცვლებოდა და შესაბამისად, გარკვეულ ეტაპზე ის საკარანტინე ვადა, რაც დღეს არის დაწესებული, 14 დღიდან 5 დღემდე შემცირდა. გარდა აღნიშნულისა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჩვენი აქტიური თანამშრომლობის და მათი შუამდგომლობის შედეგად, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები პენსიონერებისთვის სოციალურად დაუცველი და შშმ პირებისთვის, ასევე მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შექმნილია კუთვნილი შემწეობის კარანტინის გარეშე მიღების შესაძლებლობა. სხვა ძირითადად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაუდებელი საჭიროების მქონე პირებს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობის მიზნით, ასევე ყოველგვარი დაყოვნების გარეშე აქვთ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვლის და უკან დაბრუნების შესაძლებლობა," - აცხადებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე.