მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა შიში 11 წლის შემდეგ დაძლია და ოჯახური ძალადობის შესახებ "რუსთავი 2-ის" ეთერში პირველად ისაუბრა. ია ფარულავას გადაცემაში სტუმრობისას მაყაშვილმა გაიხსენა, რომ მაშინ მეუღლე მას ფიზიკურად სისტემატურად უსწორდებოდა, ფეხმძიმედ ყოფნის დროსაც კი.
ბრალდებებს დღეს ბესო ზანგური გამოეხმაურა. მსახიობი ყოფილი მეუღლის მონაყოლს ტყუილს უწოდებს და ამტკიცებს, რომ მას ქალზე არასდროს უძალადია.
ბესო ზანგური რუსთაველის თეატრის მსახიობია, ნინუცა მაყაშვილის საჯარო აღიარების შემდეგ თეატრმა წერილობითი განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ დასი ყოველგვარ ძალადობას გმობს.
მეუღლის მხრიდან ძალადობის შესახებ ირკვევა, რომ ჯერ კიდევ 11 წლის წინ იცოდნენ ნინუცა მაყაშვილის ოჯახის წევრებმა. "რუსთავი 2-ის" ეთერში პირველად მოყოლილი ისტორიის შემდეგ სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გამოთქვა დის მიმართ მხარდაჭერა მსახიობმა რუსკა მაყაშვილმა.
თავად ნინუცა მაყაშვილმა "კურიერთან" საუბრისას დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა 11 წლის შემდეგ ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდის გახსენება და გასაჯაროება.
"ჩემი მიზანი არ ყოფილა, რომ ის წესით გამესამართლებინა, მომეთხოვა პასუხისგებაში მიცემა. 11 წლის მერე ამაზე იმიტომ ვილაპარაკე, რომ ძალიან მომრავლდა ასეთი შემთხვევები, ძალიან ბევრი ქალი არის მსგავს სიტუაციაში და ვერ პოულობს საკუთარ თავში ძალას, რომ ამ ყველაფერს წინ აღუდგე," - ამბობს მსახიობი.
ნინუცა მაყაშვილი და ბესო ზანგური ერთად 2 წელი ცხოვრობდნენ, მათ ერთი შვილი ჰყავთ, მსახიობი ამბობს, რომ მისი მიზანი არა ყოფილი მეუღლის დასჯა, არამედ სხვა ქალების ძალადობისგან დაცვა და მათთვის მაგალითის მიცემა იყო.