დღეს გუმათში ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგე აქტივისტებმა "ენკას" ერთ-ერთი ოფისის ბლოკირება სცადეს და კომპანიის კუთვნილ ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. ამის გამო დაპირისპირება მოხდა სამართალდამცველებსა და ჰესის მოწინააღმდეგეთა შორის. მანამდე მათ პოლიციისგან გაფრთხილებაც მიიღეს.
ვითარებას ადგილზე აკვირდებოდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ორგანიზაციების შეფასებით, პროტესტის ფარგლებში აქციის მონაწილეთა უფლებები დაცული არ არის.
შინაარსობრივ საკითხებზე მსჯელობას კი ეკონომიკის მინისტრის შეფასებით თავად აქციის მონაწილეთა განწყობა უშლის ხელს. ნათია თურნავა საკითხის პოლიტიზირების მცდელობაზე საუბრობს და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს.
იკვეთება თუ არა ე.წ. კანონიერი ქურდის ინტერესი ნამახვანჰესის წინააღმდეგ - მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რომან ლომთაძე და მისი ძმა ჰესის საპროტესტო მოძრაობაში აქტიურად არიან ჩართული. "კურიერი" ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ძმას ესაუბრა, რომელიც ადასტურებს, რომ ჰესის აშენების წინააღმდეგია და პროცესში აქტიურად მონაწილეობს, რადგან როგორც თავად განმარტავს, ოჯახის ნაკვეთები უშუალოდ მშენებლობის არეალში ხვდება. საკუთარი ძმის კავშირს კი პროცესთან გამორიცხავს და ბრალდებებს სპეკულაციას უწოდებს.
გუშინ გვიან საღამოს აქციის მსვლელობისას გარკვეულ ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, რა დროსაც 3 სპორტსმენი დაშავდა. ისინი სამართალდამცველების კითხვებს გვიანობამდე პასუხობდნენ. სპორტსმენები ამბობენ, რომ აქციაზე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებული პირები შენიშნეს, რომლებიც ბოლო პერიოდში თითქმის ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ, მათ შორის გურიაში, სადაც მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის მოხდა დაპირისპირება.
რიონის ხეობაში აქცია უკვე 170-ე დღეა მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეების პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.