რა ბედი ელის იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხს მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში - სქემა ორივე შემთხვევაში ერთნაირია.
სესხი, როგორც წესი, დაზღვეულია - ამბობს "რუსთავი 2-თან" საუბრისას "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე. თუმცა, ყველა შემთხვევში მას დაზღვევა არ ანაზღაურებს.
არსებობს ორი გზა - სესხს ან დაზღვევა იხდის, ან - გარდაცვლილის მემკვიდრე.
უეცარი, მოულოდნელი სიკვდილის შემთხვევაში, სესხის გადახდა ოჯახს არ უწევს.
"როგორც წესი, სესხი დაზღვეულია. უეცარი, მოულოდნელი სიკვდილის შემთხვევაში, როგორც წესი, დაზღვევა ანაზღაურებს ამ სესხს და ოჯახს არ აქვს გადასახდელი. სხვა შემთხვევაში კი, გარდაცვლილის მემკვიდრეს რჩება როგორც აქტივები, ასევე ვალდებულებები. რაც შეეხება თავდებს, სესხის გადახდის ვალდებულება მასზე არ გადადის.
თითქმის ყველა სესხს ახლავს ეს დაზღვევა და შესაბამისად, გარდაცვალების შემთხვევას როგორც წესი, ეს იქნება სამომხმარებლო თუ იპოთეკური სესხი, ანაზღაურებას სადაზღვეო კომპანია,"- განუცხადა "რუსთავი 2-ს" გიორგი კეპულაძემ.
რა ხდება მაშინ, თუკი სესხი აიღო ადამიანმა, რომელსაც ქრონიკული დაავადებები აქვს და მან სესხის გაკეთების დროს ეს იცოდა:
"თუ სესხი აიღო ადამიანმა, რომელსაც, პირობითად, ჰქონდა ქრონიკული დაავადება, იმ დროს, როდესაც უკვე იცოდა, რომ ეს დაავადება ჰქონდა, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, დაზღვევამ ეს არ აანაზღაუროს. ამიტომ, მიშვნელოვანია, რომ მომხმარებლები სასესხო ხელშეკრულებასთან ერთად, დაზღვევის პირობებსაც გაეცნონ.
ან, მაგალითად, თუკი ავტოავარია მისი ბრალი იყო და ამიტომ გარდაიცვალა, ან თავი მოიკლა, ამ დროს დაზღვევა არ აანაზღაურებს მის სესხს და გადახდის ვალდებულება მემკვიდრეზე გადადის,"- ამბობს გიორგი კეპულაძე.