შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცის თავად უწყება ავრცელებს.
გიორგი მენაბდე საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იყო. გამოძიება მენაბდეს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. დეკანოზ შიო მენაბდის შვილს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2001 წელს დაბადებული გ.მ. დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა, გ.ჯ.-სთან და მ.კ.-სთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად, 2017 წლის 2 დეკემბერს დავით სარალიძე გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს,"- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საუბარია 2017 წლის ყველაზე გახმაურებულ საქმეზე. 16 წლის სკოლის მოსწავლე დათუნა სარალიძე თანატოლებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბისას მოკლეს.