19 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
მენაბდის დაკავება აქამდეც უნდა მომხდარიყო, დანა სწორედ მას ეჭირა ხელში - კალანდიას ადვოკატი

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. გიორგი მენაბდე საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იყო, გამოძიება მენაბდეს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.

მიხეილ კალანდიას ინტერესების დამცველი "რუსთავი 2-თან" აცხადებს, რომ მენაბდის დაკავება აქამდეც უნდა მომხდარიყო, რადგან მისივე განმარტებით, დანაშაულის ჩადენის ერთადერთი იარაღი სწორედ მენაბდეს ეკუთვნოდა. 

"მენაბდის დაკავება აქამდეც უნდა მომხდარიყო. ჩვენ ხელისუფლებას ვადანაშაულებდით კონკრეტული დანაშაულის მფარველობაში, შესაძლოა, ისინი გონს მოეგნენ, ან უკვე იციან ადამიანის უფლებათა ეროვნულ სასამართლოში, სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელის შესახებ და ფაქტობრივად, სავარაუდოდ, რეალურ გზას დადგნენ. ჩემი აზრით, ის ერთი დანა, რომელიც ინკოგნიტოა და გამოძიებაში არ დევს, ის დანა უნდა იყოს, რომელიც სწორედ მენაბდეს ეჭირა ხელში. პირდაპირ დასტურდება ბარბაქაძის მიერ მიცემული ჩვენება, სადაც ეს ბავშვი ამბობს, რომ მე ჩხუბში ჩავერთე მაშინ, როდესაც დავინახე, რომ მენაბდეს ზურგში დანა ჩაარტყესო. რატომ ჩაარტყეს მენაბდეს ეს დანა და რატომ კალანდიას არა, ამ კითხვას ვსვამთ უკვე დიდი ხანია გამოძიებას. ალბათ, ის უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენდა მისი მეგობრისთვის, ვიდრე კალანდია. 

კალანდიას მენაბდის ნაწილში არაფერი აქვს დანახული და ტყუილს როგორ იტყვის ბავშვი. მან თქვა, რაც არ დამინახავს იმას როგორ ვიტყვიო. 53-55 წამი გრძელდებოდა სულ ეს კონფლიქტი,"- განაცხადა კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუა. 

დეკანოზ შიო მენაბდის შვილს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საუბარია 2017 წლის ყველაზე გახმაურებულ საქმეზე. 16 წლის სკოლის მოსწავლე დათუნა სარალიძე თანატოლებმა ხორავას ქუჩაზე ჩხუბისას მოკლეს.

დღის ამბები