კომპანია ENKA "ნამახვანჰესის" პროექტზე კვლევებს ექსპერტებს აცნობს. შეიქმნება სპეციალური საბჭო, რომელიც დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტდება.
ჰიდროლოგები, გეოლოგები, სეისმოლოგები, გარემოს დაცვის სპეციალისტები, მათ შორის ორგანიზაციები - "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“, "მწვანეები“, "განახლებადი ენერგიების ასოციაცია" საექსპერტო დასკვნებს შეიწავლიან.
შეხვედრა ამ წუთებში იმართება, რომელსაც კომპანია ENKA-ს წარმომადგენლები, ასევე სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის მინისტრები, ასევე დარგის სპეციალისტები ესწრებიან.
შეხვედრის დაწყებამდე კომპანია ENKA-ს აღმასრულებელმა მენეჯერმა მერაბ ლომინაძემ განაცხადა, რომ მათ აქვთ ყველა დოკუმენტაცია იმისათვის, რომ დაინტერესებულ პირებს მიაწოდონ ინფორმაცია სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით.
"მიხარია, რომ დაიწყო დიალოგის პროცესი, ძალიან მნიშვნელოვანია ეს იმისათვის, რომ მოხდეს დღეს არსებული სიტუაციის განმუხტვა, დეესკალაცია. მე დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ის ხალხი, ვინც ვსაუბრობთ ერთ ენაზე და ვისაც გვაქვს ერთი დღის წესრიგი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა, გაძლიერება და სუვერენიტეტი, გამოვნახავთ საერთო ენას. რაც შეეხება კონკრეტულად იმ საბუთებს თუ ანგარიშებს, რომელიც მომზადებულია, რომელიც ჩვენ ხელთ გვაქვს, ჩვენ ის გავუზიარეთ უკვე სახელმწიფო უწყებებს. მზაობას განვაცხადეთ, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ადამიანთან თუ ჯგუფთან, ვიყოთ აბსოლუტურად ტრანსპარანტული, ღია,“ - ამბობს მერაბ ლომინაძე.
”საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები - საქართველოს” თანათავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ ყველას უნდა მიეცეს საშუალება, რომ შეაფასოს დოკუმენტი თავისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე.
"ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ გარემოს ზემოქმედების შეფასების პროცედურის დროს მოხერხდებოდა სრული ექსპერტიზის გატარება. დღეს ჩანს, რომ კიდევ რაღაც დოკუმენტები არსებობს, რომელიც ჩვენს ხელთ არ იყო. ყველას უნდა მიეცეს საშუალება, რომ შეაფასოს დოკუმენტი თავისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე,“ - აცხადებს ნინო ჩხობაძე.